რამდენად დაცულია საქართველოში შრომითი უფლებები?

212 გარდაცვლილი და 691 დაშავებული - ასეთია ბოლო 5 წლის განმავლობაში საწარმოო შემთხვევების დროს გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოფიციალური სტატისტიკა.

ძირითადი პრობლემები კი, რასაც მოქალაქეები დასაქმებისას აწყდებიან, მცირე ხელფასი, ხელშეკრულების არ არსებობა, დამატებითი საათები (ანაზღაურების გარეშე) და დამსაქმებლის დამოკიდებულება „არ გაწყობს, წადი“ არის.

„ხელშეკრულებაში მიწერია, 10-დან 18 საათამდე მუშაობა, მაგრამ რეალურად დილის 9-დან 19 საათამდე ვმუშაობ. გარდა ამისა, აღრიცხვის ჩატარება მხოლოდ თბილისის მასშტაბით მევალება, მაგრამ რეგიონებსაც მე ვაკეთებ და დამატებითი ანაზღაურებაც არ მაქვს ,“ - ამბობს ერთ-ერთი კომპანიის ბუღალტერი 24 წლის მარიამი.

კერძო სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული 34 წლის ექთანი თამთა კი ამბობს, რომ სამსახურში, პირობების გაუმჯობესების მოთხოვნას აზრი არ აქვს, რადგან დამსაქმებლის მხრიდან პოზიცია არის, რომ „თუ არ გინდათ, შეგიძლიათ წახვიდეთ“.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლიდან ქვეყანაში შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი მოქმედებს, თუმცა როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრიამ უთხრა, მექანიზმი, რომელზეც ბიუჯეტიდან თანხა გამოიყოფა, არაეფექტური და ფორმალურია.

ალექსანდრიას თქმით, ინსპექციას არ აქვს უფლება საკუთარი სურვილით, კომპანიის დაუკითხავად და თანხმობის გარეშე შევიდნენ და შეამოწმონ რამდენადაა დაცული უსაფრთხოების წესები, ხოლო რაც შეეხება შრომით უფლებებს (ხელფასი, გრაფიკი, ზეგანაკვეთურის ანაზღაურება და ა.შ.) ამ მხრივ შემოწმების უფლებამოსილება ინსპექციას არ აქვს.

გარდა ამისა, ინსპექციას არ შეუძლია სანქციის, ჯარიმის დაწესება, შესაბამისად, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მხოლოდ კომპანიისთვის რეკომენდაციის მიცემით შემოიფარგლება, რომელიც კონფიდენციალურია.

„დამსაქმებლის ნება-სურვილზეა, შეუშვებს თუ არა ინსპექტორს კომპანიაში ან რამდენად გაითვალისწინებს მათ რეკომენდაციას. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე ამ ორგანოს აღქმა სერიოზულად არასწორია. ერთადერთი შემთხვევა, როცა ინსპექციას უფლება აქვს დაუკითხავად შევიდეს საწარმოში, ტრეფიკინგზე ან იძულებით შრომაზე (იარაღით ან რაიმე სახის მუქარით იძულება) ეჭვია.

„ამასთან, რასაც თვალყურს ვადევნებთ, საწარმოო შემთხვევებში გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვი მიმდინარე წლის განმავლობაში წინა წლებთან შედარებით დიდად განსხვავებული არ იქნება. რაც ასევე ადასტურებს უწყების არაეფექტურობას,“-აღნიშნა ალექსანდრიამ.

მისივე ცნობით, 2016 წლის განმავლობაში საწარმოო შემთხვევებისას გარდაცვლილია 20-მდე და მძიმედ დაშავებულია (მკურნალობა 2 დღეზე მეტხანს რომ გრძელდება) 40-მდე ადამიანი.

რაც შეეხება წინა წლების სტატისტიკას, შს სამინისტროს ცნობით, საწარმოო შემთხვევების შედეგად 2011 წელს 54 ადამიანი გარდაიცვალა და 137 დაშავდა, 2012 წელს 48 გარდაიცვალა და 289 დაშავდა; 2013-ში - 23 გარდაცვლილი და 111 დაშავებული, 2014 - 45 გარდაცვლილი და 72 დაშავებული და 2015 წელს 42 გარდაცვლილი და 82 დაშავებული.

„ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი ლელა გვიშიანი კი შრომითი უფლებების კუთხით მოუწესრიგებელ კანონმდებლობასა და სამართლებრივ სისტემაზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ მხრივ ძირითადი პრობლემებია - საგამოძიებო თუ სასამართლო პროცესის დროში გაწელვა.

გვიშიანი აღნიშნავს, რომ სასამართლო შრომითი უფლებების დარღვევისას ეფექტურ მექანიზმად ვერ აღიქმება, რადგან სერიოზულ ფინანსები და დრო სჭირდება. კიდევ უფრო მძიმეა ვითარება, თუ საწარმოო შემთხვევისას პირი გარდაიცვლება, რადგან უმეტეს შემთხვევებში ბრალის წაყენება სწორედ მისთვის (გარდაცვლილისთვის) ხდება.

დეპარტამენტისთვის უფლებამოსილების გაფართოების საჭიროებაზე საუბრობს ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია, რომელიც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ინსპექცია განვითარების პირველად, საწყის ეტაპზეა და სანქციების, ჯარიმების ბერკეტი კი მას უფრო ეფექტურს გახდის.

„კანონპროექტი, რომელიც ინსპექციას სავალდებულოს გახდის და სანქციების დაწესების უფლებასაც მისცემს, უკვე შემუშავებულია“, - აღნიშნავს ჯგერენაია.

მისივე ცნობით, 2015 წლიდან დღემდე ინსპექციამ 254 კომპანია შეამოწმა, აქედან 30-ზე მეტი იყო საჯარო ანუ სახელმწიფო დაწესებულება და მხოლოდ ერთეული შემთხვევები იყო, როცა კომპანიამ ინსპექტორები შემოწმებაზე არ დაუშვა.

ძირითადი დარღვევები კი რაც გამოვლინდა არის - ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის გაუმართაობა, ელექტროუსაფრთხოება, სავენტილაციო სისტემა, ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებები და ა.შ.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს სახელმწიფოს, 2016 წლის ბოლომდე შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში შევიდეს.

ბიუჯეტიდან შრომის ინპექციის დეპარტამენტისთვის 2015 წელს 4 მილიონი ლარი, 2016 წელს კი 4 მილიონ 25 ათასი ლარი გამოიყო.

თაია არდოტელი