როგორია ”სახიფათო სამუშაოთი” დასაქმებული ბავშვების სტატისტიკა?

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, 2015 წლის ბოლოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ბავშვთა შრომის ეროვნული კვლევა ჩაატარა. კვლევაში, რომლის მიხედვითაც საქართველოში ბავშვთა შრომაში ჩართულია 5-17 წლის ასაკის ბავშვების 4.2%, ნაჩვენებია ბავშვებისათვის „სახიფათო სამუშაო.“

კვლევის მიხედვით საქართველოში 15.6 ათასი ბავშვი სახიფათო შრომაშია ჩართული, რაც მთლიანად ბავშვთა შრომის 63.9%-ია, ხოლო მომუშავე ბავშვთა - 46.4%. სოფლის მეურნეობა ბავშვებისთვის ძირითად დასაქმების სფეროს წარმოადგენს, სახიფათო სამუშაოს შემთხვევების უმეტესი ნაწილიც (სახიფათო სამუშაოთი დაკავებული მთლიანი შემთხვევების 73.1%) ამ დარგში გვხვდება. სახიფათო სამუშაოს უმეტესად ბიჭები ასრულებენ. რაც შეეხება ასაკობრივ ჯგუფებს, 5-15 წლის სახიფათო სამუშაოში ჩართული ბავშვებიდან 80.7% სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, ხოლო 16-17 წლის ბავშვებში აღნიშნული მაჩვენებელი 64.6%-ს შეადგენს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით,  სახიფათო შრომაში დასაქმებულ ბავშვთა უმეტესობისათვის (9.0 ათასი ბავშვი) ღამით მუშაობა სახიფათო სამუშაოს განმსაზღვრელი კრიტერიუმია. 5.5 ათასი ბავშვი სახიფათო გარემოში მუშაობს, რაც სახიფათო სამუშაოთი დაკავებული ბავშვების 35.2%-ია. როგორც კვლევაშია ნათქვამი ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას ის ფაქტი წარმოადგენს, რომ ბავშვებს სამუშაო ადგილზე მძიმე ტვირთის ტარება უწევთ. ასეთი ბავშვების წილი სახიფათო სამუშაოთი დაკავებულ ბავშვებში 24.5%-ს შეადგენს. კვლევის მიხედვით მძიმე ტვირთის ტარება უმეტესად ბიჭებს უწევთ. სახიფათო შრომაში ასევე ჩართულები არიან ბავშვები, რომლებიც ხანგრძლივად მუშაობენ (8.7%), ამუშავებდნენ დანადგარებს/მძიმე ტექნიკას (9.1%) ან ისეთი პროფესიის არიან, რომელიც სახიფათოა ბავშვისათვის (12.7%). კვლევის შედეგების მიხედვით ბავშვებისათვის ყველაზე ფართოდ გავრცელებული პრობლემა არის მტვერში ან კვამლში მუშაობა. აღნიშნულ გარემოში მუშაობა 3.2 ათასს ბავშვს უწევს, რაც სახიფათო სამუშაოთი დაკავებული ბავშვების 20.7%-ს და სახიფათო გარემოში მომუშავე ბავშვთა 58.9%-ს შეადგენს. 1.6 ათას ბავშვს (სახიფათო სამუშაოში ჩართული ბავშვების 10.1%-ს) უწევს ხმაურის ან ვიბრაციის ფონზე მუშაობა, ხოლო უკიდურეს სიცხესა ან სიცივეში 2 ათასი ბავშვი მუშაობს (სახიფათო სამუშაოში ჩართული ბავშვების 12.5%).

კვლევამ მოიცვა დაახლოებით 7700 შინამეურნეობა, რომელშიც 5-17 წლის ასაკის ბავშვი ცხოვრობს.