ჭიათურის განახლებული საბაგირო მომავალი წლიდან ამუშავდება

მომავალი წლის შემოდგომიდან ჭიათურაში განახლებული საბაგირო დაიწყებს ფუნქციონირებას.

როგორც „მუნიციპალური განვითარების ფონდში“ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, საბაგირო გზას რეკონსტრუქცია ჭიათურის 4 უბნის - სანატორიუმის, ნაგუთის, ლეჟუბანისა და მუხაძის მიმართულებით უტარდება.

ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის დავით ტაბიძის ცნობით, სამშენებლო სამუშაოები ამ ეტაპზე მხოლოდ 3 მიმართულებით მიმდინარეობს, ხოლო მუხაძის ქუჩის მიმართულებაზე ჯერ მხოლოდ საპროექტო სამუშაოებია, რაც დაახლოებით რამდენიმე თვეში დასრულდება.

როგორც ტაბიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ჯამში საბაგიროზე 8 გონდოლა იმოძრავებს, რომლებიც 15-20 კაცზე იქნება გათვლილი. გონდოლებს ფონდი ფრანგული კომპანია Pomagalsk-სგან შეიძენს და სავარაუდოდ, ოქტომბერში ჩამოვა თბილისში.

მთლიანად ჭიათურის საბაგირო გზის სიგრძე 3428 მეტრია, აქედან სანატორიუმის მიმართულებით - 862 მეტრი, ნაზუქის - 1081 მეტრი, ლეჟუბანის - 845 მეტრი, ხოლო მუხაძის მიმართულებით 640 მეტრი.

პროექტი საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და ჯამური ღირებულება 40 მილიონ ლარამდეა. აქედან 13.2 მილიონი ევრო ფრანგული მხარეს ეკუთვნის.

ჭიათურის საბაგირო გზის განახლება 2017 წლის შემოდგომისთვის იგეგმება.

რაც შეეხება საბაგიროთი მგზავრობის ღირებულებას, ჭიათურის მუნიციპალიტეტში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ მგზავრობის საფასური კვლავ 20 თეთრი დარჩება.

ჭიათურაში დღეისათვის 15 მოქმედი საბაგირო გზაა. აქედან ოთხი, რომლის მოდერნიზებაც იგეგმება, მუნიციპალიტეტის ბალანსზეა. დანარჩენი 11 კი კომპანია ”ჯორჯიან მარგანეცს” ეკუთვნის.

ჭიათურის საბაგირო ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი სატრანსპორტო საშუალებაა, რომლითაც ყოველდღიურად 10 ათასზე მეტი პირი სარგებლობს.

საბჭოთა კავშირის პირველი სამგზავრო საბაგირო გზა ჭიათურაში ქალაქის ცენტრსა და პერევისის სამრეწველო უბანს შორის 1954 წელს აშენდა.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე

თაია არდოტელი