მარკ ცუკერბერგი და პრისცილა ჩანი 3 მილიარდ დოლარს გაიღებენ დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად

მომავალი 10 წლის განმავლობაში „ფეისბუქის“ დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი და მისი მეუღლე პრისცილა ჩანი 3 მილიარდ დოლარს გაიღებენ სამედიცინო კვლევების დასაფინანსებლად.

სან ფრანცისკოში გამართულ პრესკონფერენციაზე მათ განაცხადეს, რომ საბოლოო მიზანია ”საუკუნის დასასრულს ყველა დაავადების პრევენციისა და განკურნების შესაძლებლობა შეიქმნას”.

კვლევების დაფინანსება ჩან-ცუკერბერგის საქველმოქმედო ფონდიდან მოხდება, რომელიც წყვილმა გასული წლის დეკემბერში დააარსა.

„ბიბისის“ ცნობით, გასულ კვირას „მაიკროსოფტის“ განცხადებით, მათი მიზანი იყო სიმსივნის განკურნების წყაროს მოპოვება ხელოვნური ინტელექტის დახმარებით. თავის მხრივ „გუგლი“ დაავადებების კომპიუტერულ ზუსტ დიაგნოსტირებაზე მუშაობს. IBM და MIT კი აყალიბებს ტექნოლოგიას, რომელიც მოხუცი და შშმ პირების მოვლას გააუმჯობესებს.

მარკ ცუკერბერგის თქმით, დღეისთვის 50-ჯერ მეტი ფული იხარჯება დაავადებული ხალხის მოსავლელად, ვიდრე იმ დაავადებების განსაკურნებლად, რომელიც მათ აქვთ. „ფეისბუქის“ დამაარსებელმა საკუთარი ინვესტიციის სამი მთავარი პრინციპი გამოყო: 1. მეცნიერებისა და ინჟინრების ერთად შეკრება; 2. ტექნოლოგიების შექმნა, რომელიც კვლევას დააჩქარებს 3. გაიზარდოს მოძრაობა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით დააფინანსებს მეცნიერებას.

მისის ჩანის თქმით, მათ უკვე გაიღეს 600 მილიონი დოლარი ახალი კვლევითი ცენტრის შესაქმნელად, რომელიც გააერთიანებს ინჟინრებს, კომპიუტერულ მეცნიერებს, ბიოლოგებს, ქიმიკოსებს და სხვა ინოვატორებს. ცენტრი ორ მთავარ პროექტზე იმუშავებს - ”უჯრედი ატლასი” იქნება რუკა და აღწერს სხვადასხვა უჯრედებს, რომლებიც მთავარ ორგანოებს აკონტროლებენ. მეორე არის ინფექციური დაავადებების ცენტრი, რომელიც ახალ ტესტებს ჩაატარებს შიდსის, ებოლას, ზიკას და სხვა დაავადებებზე.

ცუკერბერგის თქმით, 2100 წლისთვის სიცოცხლის ხანგრძლივობა ას წელს უნდა ცდებოდეს.