თბილისში აქცია - ”დღე ავტომობილების გარეშე” გაიმართა

თბილისში საერთაშორისო დღე - ”დღე ავტომობილების გარეშე” აქციით აღინიშნა. აქციის ორგანიზატორია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისათვის” და მასში ათამდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

აქცია მუსიკალურმა ბენდმა „დრამ სქულ“ კომპოზიციით გახსნა. რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები ველოსიპედებით გადაადგილდებოდნენ. მსვლელობის მონაწილეები რუსთაველის მოედნის გავლით ვარდების მოედანზე მივიდნენ.

აქციაში მონაწილეობა მიიღეს გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა, შსს-ს სპორტული კლუბის მრბოლელმა დათა ქაჯაიამ და სხვა ცნობილმა სახეებმა, რომლებიც ველოსიპედებით გადაადგილდებოდნენ. აქციის გამო რუსთაველის გამზირი ნაწილობრივ გადაიკეტა და მსვლელობის მონაწილეებს უსაფრთხოდ გადაადგილების შესაძლებლობა მიეცათ.

„დღე ავტომობილის გარეშე“ 2000 წლიდან აქტიურად აღინიშნება ევროპასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მიზნად ისახავს გარემოს მოფრთხილებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ქალაქის ცენტრალურ უბნებში ნაკლები კერძო ავტომობილის მოძრაობას. „მოქალაქეები ამ დღეს თავს იკავებენ პირადი ავტომობილით სარგებლობისგან, გადაადგილდებიან ფეხით ან იყენებენ ალტერნატიულ და ჯანსაღ ტრანსპორტს - ველოსიპედს ან საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა საშუალებებს.

აქციას ქალაქ თბილისის მერიასთან ერთად, “საქართველოს ველოსპორტის ეროვნული ფედერაცია”, “ეკო-ტრანსპორტი”, “ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია”, “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის”, “საქართველოს საავტომობილო ფედერაცია” შეუერთდა.