"ბილტმორ თბილისში" "მარკეტინგ ფორუმი 2016" გაიხსნა

სასტუმრო "ბილტმორ თბილისში" "მარკეტინგ ფორუმი 2016" გაიხსნა. ღონისძიების ორგანიზატორები არიან hp და "კოლორპაკი". გენერალური მედიამხარდამჭერები "პალიტრა მედია" და "მარკეტერი".

ფორუმის თემაა "არასტანდარტული და ინოვაციური მიმართულებები მარკეტინგსა და შეფუთვაში".

ღონისძიებაზე იმყოფება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. ფორუმს ესწრება სხვადასხვა კომპანიის 200-მდე წარმომადგენელი.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ მსოფლიოში ცნობილი მარკეტოლოგები: რაფი ალბო ისრაელიდან და კრისტიან მენეგონი საფრანგეთიდან.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოში hp-სთან თანამშრომლობით, "კოლორპაკმა" თანამედროვე ბეჭდვის ტექნოლოგია დანერგა, რომელიც კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, მომხმარებლებს უნიკალური და ექსკლუზიური პროდუქტი შესთავაზონ. ფორუმზე წარმოდგენილია დანადგარ "hp ინდიგოს" მეშვეობით დაბეჭდილი ნიმუშები. ერთი სერიის ღვინის ბოთლებზე დატანილი განსხვავებული ეტიკეტები, პროექტ "ლიბერთინსის" ერთი სერიის წიგნები, რომლებსაც განსხვავებული ყდა აქვთ და ა.შ.

ფორუმი 17:00 საათამდე გრძელდება და პანელურ დისკუსიასაც მოიცავს.