დიმიტრი ქუმსიშვილი - ბიზნესის მოტორი, წინ წამყვანი მარკეტინგია

ვთვლი, რომ ბიზნესის მოტორი, წინ წამყვანი სწორედაც რომ მარკეტინგია , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სასტუმრო „ბილტმორში“ განაცხადა, სადაც “მარკეტინგ ფორუმი - 2016” მიმდინარეობს.

”მოხარული ვარ, რომ დღევანდელ ფორუმს ამხელა ინტერესი აქვს. მინდა აღვნიშნო, რომ მოწვეულები არიან ძალიან კარგი სპიკერები რამდენიმე ქვეყნიდან, რომლებსაც აქვთ დიდი გამოცდილება და ყოველთვის, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გამოცდილების გაზიარებაზე, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ გყავდეთ ის ადამიანები ჩამოყვანილები, ვისაც შეუძლია თქვენთვის გამოცდილების გაზიარება. დამოკიდებულება, რომელიც მე მაქვს მარკეტინგის მიმართ, ეს არის ძალიან მკაფიო. ვთვლი, რომ ბიზნესის მოტორი, წინ წამყვანი სწორედაც რომ მარკეტინგია და რა თქმა უნდა, მარკეტინგში ძალიან მნიშვნელოვანია პროდუქტის სწორად შეთავაზება ბაზრისთვის. დღეს თქვენ სწორედ ამით იქნებით დაკავებულები, რომ ნახოთ, თუ როგორ შეიძლება პროდუქტები ისე შეფუთოთ და გამოიტანოთ ბაზარზე, რომ მაქსიმალური ეფექტი მიიღოთ”, - განაცხადა ქუმისშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში დღევანდელი სარეკლამო ბაზარი საკმაოდ მცირეა, ის მხოლოდ 60 მილიონ დოლარამდე აღწევს.

”დღევანდელი ფორუმის ამოცანა უნდა იყოს, რომ მთლიანად ბაზარი გაიზარდოს - არა მარტო ის, თუ როგორ გადანაწილდეს ბაზარი, არამედ ის, რომ ახალი პროდუქტებით, ახალი ცოდნითა და გამოცდილებით უნდა მოახერხოთ ბაზრის გაზრდა”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მან სიტყვით გამოსვლისას ის პოლიტიკური, ეკონომიკური ვითარება და პრიორიტეტები მიმოიხილა, რომელიც ქვეყანაშია.

”პირველ რიგში, ფორუმის სათაური - “არასტანდარტული და ინოვაციური მიმართულებები მარკეტინგსა და შეფუთვაში” პირდაპირ ესადაგება ჩვენს ძირითად პრიორიტეტებს და ეს არის ინოვაციური ეკოსისტემის ჩამოყალიბება ჩვენს ქვეყანაში და ამისთვის ჩვენ როგორც მთავრობა, ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ. მათ შორის ჩვენ მხარს ვუჭერთ კრეატიულ ინდუსტრიას და მოგეხსენებათ, რომ ”კანის ლომების ფესტივალზე” ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, გვყავდა გაგზავნილი 4 მიმართულებით გუნდები და ძალიან სასიხარულოა, რომ მარკეტინგში ქართველებმა აიღეს ჯილდო. დღეს ქართველები არიან ის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ რეალურად მარკეტინგში კომპლექსური გადაწყვეტილებები მიიღონ. ზოგადად, ჩვენთვის ყველასთვის ცნობილია, რომ ინოვაციური მიდგომა ქმნის ქვეყანაში ყველაზე მეტ დამატებით ღირებულებას”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.