ლაგოდეხსა და ოზურგეთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ლაგოდეხსა და ოზურგეთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განაცხადეს, 21 სექტემბრის სტიქიამ საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზარალა. ძლიერმა წვიმამ და ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამ სოფელს: აფენს, ჭაბუკიანსა და გვიმრიანს მიაყენა ზიანი, სადაც 60-მდე საცხოვრებელ სახლს ნაწილობრივ სახურავი გადახადა. ქარმა ხეები და ელექტროგადამცემი ხაზები წააქცია.

„სტიქიის შედეგად, განსაკუთრებულად დაზარალდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. ქალაქ ოზურგეთში ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. სტიქიამ რამდენიმე ქუჩაზე, 70-მდე საცხოვრებელ სახლს და 7 კორპუსს დაუზიანა სახურავი, რის შედეგადაც საცხოვრებელი ფართები დაიტბორა“, - განაცხადეს სამინისტროში.

როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს კოორდინაციას უწევენ.

მათივე თქმით, ამ ეტაპზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ზარალის დათვლა მიმდინარეობს.