ჭოპორტში დღეს ინოვაციების ახალი ცენტრი გაიხსნება

ჭოპორტში დღეს ბიბლიოთეკის ბაზაზე ინოვაციების ახალი ცენტრი გაიხსნება. როგორც "საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში“ განაცხადეს, ახალ ცენტრს მათი სააგენტო ადგილობრივი გამგეობის დახმარებით ხსნის.

სააგენტოს განცხადებით, ინოვაციის ცენტრის ფორმირება რაიონებში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ის საკმაოდ მრავალპროფილიან მომსახურებას სთავაზობს ადგილობრივ მოსახლეობას. ეს ცენტრები ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ მათთვის ძნელად ხელმისაწვდომი სერვისებითა და ტექნიკური აღჭურვილობებით. ცენტრების ფორმირება ხდება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ბაზაზე. ცენტრებში არსებული რესურსი საშუალებას მისცემს მოსახლეობას, მოახდინონ მათი იდეების გენერირება და აიმაღლონ ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით, რომელიც საქართველოში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვას და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას უკავშირდება.

„რეგიონებში საფუძველი დაედება მომავლის პროფესიების განვითარებას, რაც დაგვაახლოვებს მსოფლიოს. ეს არის წინსვლის პერსპექტივა თანამედროვე საზოგადოებაში. მნიშვნელოვანია რაიონებში მცხოვრები ახალგაზრდების განვითარება ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს რეგიონების განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

რეგიონებში ინოვაციების ცენტრების გახსნის მიზანია, დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას, კერძო კომპანიებსა თუ ადგილობრივ მთავრობას, მიიღონ ცოდნა როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ისე მეწარმეობის მიმართულებით. მნიშვნელოვანია ადგილობრივმა დამწყებმა ბიზნესმენებმა იცოდნენ, თუ როგორ უნდა შექმნან სტარტაპები, რა ეტაპები უნდა გაიარონ იმისთვის, რომ კომპანიად ჩამოყალიბდნენ და წარმატებას მიაღწიონ. ინოვაციების ცენტრები მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარებისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისათვის. წვდომა ტექნოლოგიებზე ნიშნავს მის პროგრესზე ფეხის აწყობას, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის განვითარებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს“, - აცხადებენ სააგენტოში.

მათივე თქმით, ჭოპორტის ინოვაციების ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობისთვის, იქნება მაქსიმალურად ყველა ის სერვისი, რაც თბილისის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოშია. პროგრამირების, დიზაინის, მეწარმეობის და სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებების ტრენინგები ჩატარდება. აქცენტი გაკეთდება დისტანციური სწავლების მეთოდოლოგიაზე, ტექნოპარკის ყველა ღონისძიება პირდაპირი ეთერით ინოვაციის ცენტრებში გადაიცემა, შესაბამისად მსურველებს საშუალება ექნებათ ვირტუალურად დაესწრონ ყველა ღონისძიებას, დასვან კითხვები და მაქსიმალურად ჩაერთონ პროცესში.

„ასევე თბილისიდან, დისტანციურად ჩატარდება ტრენინგები, რომელსაც სპეციალურად მოწვეული გამოცდილი და პროფესიონალი ტრენერები ჩაატარებენ. ტრენინგებში ჩაერთვება თბილისში არსებული ლაბორატორიები: ჯეოლაბი, სიჯი მულტილაბი, გეიმ ლაბი და ფაბლაბები. საწყის ეტაპზე აქცენტი ზოგადად მეწარმეობაზე, სტარტაპების შექმნასა და ფორმირებაზე გაკეთდება. ეს საშუალებას მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას განვითარდნენ და მოემზადონ ისეთი პროექტებისათვის, როგორიცაა ,,სტარტაპ საქართველო“. ცენტრში მაქსიმალური ყურადღება დაეთმობა პროგრამირების ენების შესწავლას, რაც იქვე მისცემს ახალგაზრდებს საშუალებას დასაქმდნენ და ადგილიდან იმუშავონ სხვა კომპანიებისთვის, როგორც ადგილობრივ ისე გლობალურ ბაზარზე“, - აცხადებენ სააგენტოში.

მათივე თქმით, ჭოპორტის ინოვაციების ცენტრისთვის სამუშაო კადრები კონკურსის წესით შეირჩა. რეგიონალურ ინოვაციის ცენტრებში არის საერთო სამუშაო სივრცე, საკონფერენციო დარბაზი ღონისძიებებისთვის და კომპიუტერული ტრენინგ ოთახი. ცენტრები აღიჭურვება ასევე 3d პრინტერებით, ლეგო რობოტიქსით და მიკროელექტრონიკით.

„ინოვაციის ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება მიეცემა გამოიყენოს ღია სივრცე როგორც მუშაობისთვის, ასევე შეხვედრებისა და დისკუსიებისთვის. მნიშვნელოვანია წვდომა ისეთ ტექნიკასთან, როგორიც მაგალითად 3D პრინტერია ყველა მომხმარებელს გადამზადებული ტრენერები გაუწევენ კონსულტაციას. მათ შეეძლებათ სწორად ჩამოაყალიბონ იდეა, შექმნან ახალი ინოვაციური პროექტები და განავითარონ ეს სფერო ქვეყანაში. ადგილობრივი მოსახლეობისათვის ასევე მუდმივად ჩატარდება ვიდეო ლექციები, სადაც მათ ჩართვის საუშუალება ექნებათ, რაც საშუალებას მისცემს მათ, გაიაზრონ საერთაშორისო გამოცდილება და კონკრეტულ სფეროებში შესაბამისი განათლება მიიღონ“, - აცხადებს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე.