ხორბლის ახალი ჯიში, რომელიც საქართველოში გამოსცადეს

საქართველო შეძლებს მოსახლეობის მოთხოვნილება ხორბალზე 70-80%-ით დააკმაყოფილოს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან არსებული ლოგისტიკური კომპანია ხორბლის ჯიშების გამოცდას საქართველოს ექვს რეგიონში ახორციელებს. როგორც ლოგისტიკის კომპანიის დირექტორი, გიორგი ღუღუნიშვილი აცხადებს, სამცხე-ჯავახეთში უკვე გამოსცადეს უნიკალური ჯიშის ხორბალი - აფინა, რომელმაც საუკეთესო შედეგები აჩვენა.

გიორგი ღუღუნიშვილი: "ჩვენი კომპანია მთელ საქართველოში აწარმოებს ჯიშთა გამოცდას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაზე მაღალხარისხიანი ჯიშებია, შეიძლება ერთ ადგილას კარგად ხარობდეს, მეორე ადგილას კი - ძალიან ცუდად. რომელიმე ჯიში ამერიკაში საუკეთესო მოსავალს რომ იძლევა, ეს არ ნიშნავს, რომ თელავშიც გაიხარებს და კარგ მოსავალს მოგვცემს. საქართველოში 27 კლიმატური ზონაა, ამიტომაც დავიწყეთ ჯიშთა გამოცდა, რომ ფერმერს მის რეგიონში გამოცდილი, აპრობირებული ჯიშის ხორბალი მივაწოდოთ. ეს პროექტი საკმაოდ კარგად წარიმართა ახალქალაქში, სადაც საგაზაფხულო ხორბლისა და ქერის ჯიშების გამოცდა უკვე მიმდინარეობს. სამი წლის წინ, როცა ჯიშთა გამოცდა დავიწყეთ, ქვეყანაში ხორბალი 37 ათას ჰექტარზე ითესებოდა, ხოლო საშუალო მოსავლიანობა კატასტროფული იყო - სულ რაღაც 20 ათას ტონამდე და ეს მაშინ, როცა 800 ათასი ტონა ხორბალი გვჭირდება ჩვენი მოსახლეობის გამოსაკვებად. წელს ხორბალი დაითესა 112 ათას ჰექტარზე და დაახლოებით 270 ათასი ტონა მოსავალი მივიღეთ. სამი წლის განმავლობაში ეს ძალიან კარგი შედეგია".

გიორგი ღუღუნიშვილის თქმით, ერთ-ერთი ჯიში, რომელმაც საუკეთესო შედეგი აჩვენა, სამცხე-ჯავახეთში უნდა გაავრცელონ.

"ძირითადად გვალვაგამძლე ჯიშები შემოგვაქვს და საქართველოს იმ კუთხეებში ვავრცელებთ, სადაც სარწყავი სისტემები არ მუშაობს. საშემოდგომო ხორბლის ნათესები ფერმერებს ხშირად უზიანდებათ. სწორედ ამიტომ შემოვიტანეთ ორთესელა, ელიტური ჯიშის ხორბალი ლუკიანენკოს ინსტუტიდან - ეს არის ერთ-ერთი წამყვანი სასელექციო ინსტიტუტი რუსეთის მასშტაბით. უნიკალური იმით, რომ ფერმერს შეიძლება საშემოდგომო ჯიში დაუზიანდეს, მაგრამ მასთან ერთად დათესოს ეს ხორბალი და თავისი მოსავალი გადაარჩინოს", - აღნიშნავს გიორგი ღუღუნიშვილი.

ლოგისტიკის კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, აფინა უნიკალური თვისებებით გამოირჩევა - სამ თვეში ეწევა საშემოდგომო ხორბალს და მაღალ მოსავალსაც იძლევა. შეიძლება ითქვას, რომ მან უნიკალური შედეგი მოგვცა.

"საქართველოში ბოლო წლებში ჩვენ ასეთი ხარისხის ხორბალი აღარ მიგვიღია. აფინას საშუალო მოსავლიანობა 5-6 ტონამდე ადის, ამიტომ უკვე დავიწყეთ მისი გავრცელება მთელ სამცხე-ჯავახეთში, სადაც ის ძალიან კარგად ხარობს", - ამბობს გიორგი ღუღუნიშვილი.

მისი შეფასებით, თუ ხელს არაფერი შეუშლის და ეს პროექტი გაგრძელდება, საქართველო შეძლებს თავისი მოსახლეობის მოთხოვნილება ხორბალზე 70-80%-ით მაინც დააკმაყოფილოს.

ხათუნა ჩიგოგიძე