2017 წელს აშშ რუსეთის შეკავებაზე 3,4 მილიარდ აშშ დოლარს დახარჯავს

2017 წელს აშშ რუსეთის შეკავებისკენ მიმართულ ხარჯებს 4-ჯერ გაზრდის და ამ მიზნისთვის 3,4 მილიარდ აშშ დოლარს დახარჯავს.

აღნიშნული თანხა განკუთვნილია ნატო-ს ძალების, მათ შორის ამერიკული სამხედრო შენაერთების განლაგებაზე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. პირველ ეტაპზე, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი 4 ბატალიონს ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვასა და პოლონეთში განალაგებს.

აშშ-ის სენატმა 2017 ფინანსური წლის სამხედრო ბიუჯეტი გუშინ დაამტკიცა. დოკუმენტის თანახმად, სამხედრო საჭიროებებს მოხმარდება 602 მილიარდი აშშ დოლარი. თანხის უმეტესი ნაწილი გადაერიცხება თავდაცვის უწყებას, დანარჩენი კი ენერგეტიკის სამინისტროს, ენერგეტიკული უსაფრთხოების პროგრამის განხორციელების მიზნით.

დოკუმენტის განხილვის დროს პენტაგონის წარმომადგენელმა ეშტონ კარტერმა არაერთი განცხადება გააკეთა რუსულ აგრესიაზე ევროპაში.

„2017 წლის სამხედრო ბიუჯეტში, ევროპის უსაფრთხოების მხარდაჭერისკენ მიმართული ჩვენი ინიციატივის დაფინანსება ოთხჯერ გაიზრდება. ის რუსული აგრესიის შეკავებისკენ არის მიმართული“, - განაცხადა კარტერმა.

მისივე ინფორმაციით, წელს რუსული აგრესიის პრევენცია პირველად გახდება პენტაგონის თავდაცვის სტრატეგიის ერთ-ერთ საკვანძო კომპონენტი.