სუს-მა ყალბი 50 და 100-ლარიანი კუპიურების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საქართველოს მოქალაქეები მალხაზ რ. და სარდარ ა. ყალბი ფულის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე დააკავეს.

როგორც "ბიზნესპრესნიუსს" სუს-ის პრესსამსახურიდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2016 წლის სექტემბერში მალხაზ რ-მ, სარდარ ა.-სთან წინასწარი შეთანხმებით დაამზადა და გაასაღა 300 ცალი ყალბი 100-ლარიანი კუპიურა. მანვე დაამზადა და მიმდინარე წლის 17 სექტემბერს უკანონოდ გაასაღა 2000 ლარის ოდენობის ყალბი 50 და 100-ლარიანი კუპიურები.

გამოძიების ინფორმაციით, მალხაზ რ-მ. ასევე 2016 წლის 22 სექტემბერს უკანონოდ დაამზადა და გაასაღა 7000 ლარის ოდენობის ყალბი 50 ლარიანი და 100-ლარიანი კუპიურები, რა დროსაც იგი სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ'' ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.