რას აკეთებს კონკურენციის სააგენტო საქართველოში და რა უნდა იცოდეთ თუკი ბიზნესის დაწყებას აპირებთ?

დიდი ხანია არავინ დავობს, რომ კონკურენცია საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირების მთავარი ელემენტია - საერთოდ, კონკურენტულ პირობებში მომხმარებელი თითქმის ყოველთვის მოგებული რჩება, რადგან ასეთი ბიზნეს გარემო ფასის წარმოქმნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. გარდა ამისა, კონკურენცია აიძულებს კომპანიებს გაზარდონ წარმოების ეფექტიანობა, უზუნველყოფს ბაზარზე მაღალპროდუქტიული კომპანიების წარმატებულ საქმიანობას, რაც თავის მხრივ იწვევს დაბალპროდუქტიული კომპანიების ბაზრიდან გასვლას. ამასთან, მაღალი კონკურენციის პირობებში კომპანიები ცდილობენ დანერგონ ინოვაციები, რაც თავის მხრივ, ავითარებს სექტორსა და ეკონომიკას...

ჯანსაღი კონკურენციის პირობებში კომპანიებს არ აქვთ უფლება:

1. ბოროტად გამოიყენონ მათი დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე.

2. დადონ ჰორიზონტალური თუ ვერტიკალური შეთანხმებები კონკურენციის შეზღუდვის მიზნით

3. ეკრძალებათ არაკეთილსინდისიერი კონკურენცია სხვა კომპანიებთან;

4. არასამართლიანი ფასების დადგენა ბაზარზე ურთიერთშეთანხმებით და ამით მომხმარებელთა დაზარალება;

5. კონკურენციის შეზღუდვას წარმოადგენს ასევე ურთიერთდამოკიდებული პირების მიერ კომპანიების მართვა.

ბაზარზე კონკურენციაზე პასუხისმგებელი ორგანოს მიერ კომპანიების დაჯარიმება მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკაა და ცივილიზებულ მსოფლიოში ჯანსაღი ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბების ერთ-ერთ მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორად მიიჩნევა. მაგალითად, 2013 წელს, ამერიკაში დაფუძნებული მაიკროსოფტის კორპორაცია, შეთანხმების დარღვევის გამო 731 მილიონი დოლარით ევროკავშირის რეგულაციების მიხედვით დაჯარიმდა. კორპორაცია მომხმარებლებს საშუალებას არ აძლევდა ვებ-ბრაუზერი საკუთარი სურვილით აერჩიათ და მათ „ინტერნეტ ექსპლორერით“ სარგებლობას აიძულებდა.

საკმაოდ დიდი ხმაური გამოიწვია შვეიცარული „ნესტლესა“ და ამერიკული „მარსის“ „ქეისმაც“. 2012 წელს კონკურენციის შეზღუდვის გამო შვეიცარეული Nestlé და ამერიკული Mars-ი 35 მილიონი ევროთი დაჯარიმდნენ. როგორც ოფიციალური უწყებები აღნიშნავდნენ, კომპანიების განყოფილებებმა 2004-დან 2008 წლამდე საიდუმლო გარიგების გზით ბაზარზე კონკურენციის ხელოვნურ შეზღუდვას მიაღწიეს.

საქართველოში კონკურენციის მარეგულირებელი კანონმდებლობა 2005 წელს გაუქმდა. შესაბამისად, თავისუფალი კონკურენციის წესებისა და პრინციპების დაცვაზე ქმედითი სახელმწიფო ზედამხედველობა აღარ ხორციელდებოდა. ყოველივე ამან ბაზარზე უკვე დამკვიდრებული სუბიექტების ანტიკონკურენტული ქმედებებისა და საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების რისკები შექმნა. კონკურენციის პოლიტიკის არსებობისთვის აუცილებელი საბაზისო რეგულაციები მხოლოდ 2012 წლის 8 მაისს აღდგა, როდესაც საქართველოს პარლამენტმა "თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ" კანონი მიიღო. 2012 წელსვე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით დაფუძნდა კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, თუმცა რეფორმირებული სახით ის რეალურად 2014 წლის 1 ოქტომბერს ამოქმედდა. კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, კონკურენციის სააგენტოს აქვს უფლება:

1) დამოუკიდებლად დაიწყოს ბაზრის ნებისმიერი სეგმენტის მოკვლევა იმ შემთხვევაში, თუ ამ სფეროში კონკურენციის შეზღუდვის ნიშნები არსებობს.

2) სააგენტოს აქვს უფლება, ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის მქონე კომპანიის მიერ ამ მდგომარეობის ბოროტად გამოყენება აღკვეთოს და კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში კანონდამრღვევს სანქციაც დააკისროს.

დაზუსტდა ჯარიმის ოდენობაც: ანტიკონკურენტული ქცევის შემთხვევაში კომპანიისთვის დაკისრებული ჯარიმა წინა ფინანსური წლის განმავლობაში კომპანიის წლიური ბრუნვის 5%-ს არ უნდა აღემატებოდეს. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია დარღვევას არ აღმოფხვრის და კანონს განმეორებით დაარღვევს, სააგენტო უფლებამოსილია ჯარიმის ოდენობა კომპანიის წლიური ბრუნვის 10%-მდე გაზარდოს. კანონის თანახმად, ჯარიმის ოდენობის დადგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დარღვევის შედეგად სხვა კომპანიისთვის მიყენებული ზიანი, დარღვევის ხანგრძლივობა და სიმძიმე.