ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და ”საქართველოს რკინიგზა" ციფრული ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობას იწყებენ

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და ”საქართველოს რკინიგზა" ციფრული ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობას იწყებენ.

ამასთან დაკავშირებით, დღეს ”სილიკონ ველი თბილისში” მხარეებს შორის თანამშრომლობის კომუნიკე გააფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა მიხეილ ბატიაშვილმა და ”საქართველოს რკინიგზის” გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ.

კომუნიკეს ფარგლებში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აქტიურად ჩაერთვება ,,საქართველოს რკინიგზის" ციფრულ ტექნოლოგიებზე გადაყვანის პროცესში, კერძოდ, ,,სილიკონ ველი თბილისის" ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი გადაამზადებს ,,საქართველოს რკინიგზის" თანამშრომლებს და ასევე მონაწილეობას მიიღებს ”საქართველოს რკინიგზაში” მართვის სხვადასხვა საერთაშორისო ციფრული სისტემის დანერგვის პროცესში.

”ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში ვაჩვენოთ, როგორ შეიძლება კომპანიებისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობა იყოს ძალიან წარმატებული და სწრაფად შედეგის მომტანი. ვფიქრობთ, უახლოეს პერიოდში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი გადაიქცევა ერთ-ერთ მთავარ ცენტრად არა მარტო საქართველოში, სადაც ყალიბდება ასეთი წარმატებული თანამშრომლობა ორგანიზაციებსა და განათლების სფეროს წარმომადგენლებს შორის”, - აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, წინ საინტერესო სამუშაოა.

”იგეგმება ”საქართველოს რკინიგზაში” მომუშავე პერსონალის გადამზადება ”სილიკონ ველში”. ამ კუთხით, უნივერსიტეტი სპეციალურ პროგრამას მოამზადებს და უახლოეს მომავალში ერთობლივ პროექტს დავიწყებთ. გადამზადდება როგორც საინჟინრო პერსონალი, ასევე საოპერაციო მენეჯერულ თანამდებობებზე მომუშავე თანამშრომლები”, - განმარტა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, ”საქართველოს რკინიგზაში” აღნიშნავენ, რომ აშშ-ში, ”სილიკონ ველზე” მოძრავი ”Stadler”-ი, წელს საქართველოში შემოყვანილი მატარებლების ანალოგია.