რატომ ღირს საქართველოში Apple-ის პროდუქცია ძვირი?

Apple-ის პროდუქციის ქართველ რეალიზატორებს შორის დაპირისპირება მძაფრდება.

კონკურენციის სააგენტომ „ iplus”-ს , „istyle”- სა და „apply city”-ის წინააღმდეგ საქმის მოკვლევა დაიწყო. აღნიშნულ სამ კომპანიას „iTechnic”-ი უპირისპირდება. კომპანიამ კონკურენციის სააგენტოს საჩივრით მიმართა. ინფორმაცია კონკურენციის სააგენტოს ოფიციალური ფეისბუქის გვერდზე ვრცელდება.აიტექნიკი კონკურენტი ბაზრის სამ მოთამაშეს კარტელურ გარიგებაში ადანაშაულებს. როგორც „iTechnic”-ის ადვოკატი ამბობს, კომპანიები აიფონისა და ეფლის სხვა პროდუქციის ფასებს ქართულ ბაზარზე შეთანხმებულად, ხელოვნურად ადგენენ. კონკურენციის სააგენტოს სამი თვე აქვს იმისთვის, რათა დაადგინოს რამდენად შეესაბამება სიმართლეს „iTechnic” -ის საჩივარი და უწევთ თუ არა აიფონის ქართველ მომხმარებლებს პროდუქციაში იმაზე მეტის გადახდა, ვიდრე სინამდვილეში ღირს.

შეგახსენებთ, რომ ჯანსაღი კონკურენციის პირობებში კომპანიებს არ აქვთ უფლება:

1. ბოროტად გამოიყენონ მათი დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე.

2. დადონ ჰორიზონტალური თუ ვერტიკალური შეთანხმებები კონკურენციის შეზღუდვის მიზნით

3. ეკრძალებათ არაკეთილსინდისიერი კონკურენცია სხვა კომპანიებთან;

4. არასამართლიანი ფასების დადგენა ბაზარზე ურთიერთშეთანხმებით და ამით მომხმარებელთა დაზარალება;

5. კონკურენციის შეზღუდვას წარმოადგენს ასევე ურთიერთდამოკიდებული პირების მიერ კომპანიების მართვა.

ბაზარზე კონკურენციაზე პასუხისმგებელი ორგანოს მიერ კომპანიების დაჯარიმება მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკაა და ცივილიზებულ მსოფლიოში ჯანსაღი ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბების ერთ-ერთ მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორად მიიჩნევა.