ღვინის კომპანიებს 11 000-მა მევენახემ ყურძენი ჩააბარა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი თელავში იმყოფებოდა, სადაც რთველი 2016-ის საკოორდინაციო შტაბის წევრებს შეხვდა და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილისგან რთველის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ლევან დავითაშვილის შეფასებით, რთველი 2016 შეუფერხებლად მიმდინარეობს.

„კახეთის რეგიონში აქტიურად გრძელდება რთველის პროცესი. ღვინის კომპანიებს ყურძენი 11 000-მა მევენახემ ჩააბარა. გადამუშავებული ყურძნის მოცულობის მიხედვით, მიმდინარე კვირა იყო პიკური, ღვინის ქარხნების მიერ ყურძნის გადამუშავების დღეღამურმა მაჩვენებელმა 6 000 ტონას გადააჭარბა. ამის მიუხედავად, ღვინის საწარმოებში ყურძნის ჩაბარების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. ხელისუფლება ასრულებს დანაპირებს, რომ არცერთ მევენახეს მოსავლის დაბინავების პრობლემა არ შეექმნება და რთველი 2016 წარმატებით და შედეგიანად დასრულდება“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

23 სექტემბრის 14:00 საათის მონაცემებით, რთველის 2016-ის ფარგლებში გადამუშავდა 67,5 ათას ტონამდე ყურძენი. გადამუშავებულია 35,5 ათასი ტონა რქაწითელი, 27,9 ათასი ტონა საფერავი, 2,1 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ღვინის კომპანიებს ყურძენი 11 000-მა მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავლებმა 59 მლნ ლარი შეადგინა.