"ბრედი მარტოხელაა" - ნორვეგიის ავიახაზების ორიგინალური რეკლამა

ცნობილი ჰოლივუდური წყვილის - ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის მოულოდნელი განქორწინება ზოგიერთმა კომპანიამ თავის სასარგებლოდ გამოიყენა.

ნორვეგიის ავიახაზებმა საკმაოდ ორიგინალური მეთოდით გადაწყვიტა ლოს ანჯელესის ავიარეისებზე მომხმარებლისთვის ბილეთის შეთავაზება. ნორვეგიულმა კომპანიამ ინტერნეტსა და ბეჭდურ მედიაში ლოს ანჯელესის მიმართულებით ავიაბილეთების რეკლამა ერთი წინადადებით „ბრედი მარტოხელაა!“ გაავრცელა. ავიაკომპანიამ მომხმარებლებს ლოს ანჯელესის ბილეთი, სადაც ბრედ პიტი ამჟამად ცხოვრობს, 169 ევროდ შესთავაზა.

ინტერნეტმომხმარებელმა ნორვეგიის ავიახაზების რეკლამას „გენიალური და სწორი მარკეტინგის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში“ უწოდა.

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი 12-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ რამდენიმე დღის წინ დაშორდნენ.