რა პრობლემები ექმნებათ ქართველ ფერმერებს თევზის მოშენებისას

ქართველ ფერმერებს, რომლებიც აკვაკულტურის დარგში ოპერირებენ, ბევრი პრობლემა დაუგროვდათ. როგორც ორგანული აკვაკულტურის განვითარების თავმჯდომარემ ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, ამ ეტაპზე დარგის გადასარჩენად, აუცილებელია სადედე ჯოგების განახლება და ფერმერების ინფორმირებულობის გაზრდა.

,,აკვაკულტურაში ბოლო ათწლეულის განმავლობაში დაგროვებული პრობლემებია და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა უნდა დაჩქარდეს. შეიძლება ითქვას, რომ დარგი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, თანდათან ჩამოიშალა. ჩვენ გვაქვს მეზობელი ქვეყნების მაგალითი, სადაც აკვაკულტურის განვითარებამ თავისი როლი ითამაშა ეკონომიკის განვითარებაში. აკვაკულტურა საქართველოში საკმაოდ პერსპექტიულია, მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე თევზპროდუქტების 85% იმპორტირებულია. მე შემიძლია მოგიყვანოთ აჭარის მაგალითი, ჩვენ წელს საკმაოდ დიდი ტურისტული ნაკადი გვქონდა, მაგრამ ეს სიტუაცია ნაკლებად აისახებოდა ფერმერების ბიუჯეტზე,”- აღნიშნავს სოფიკო დიასამიძე.

მისი თქმით, აკვაკულტურაში უნდა შეიქმნას ერთიანი ღირებულებათა ჯაჭვი და სასელექციო ინკუბატორიდან თევზის გადამამუშავებამდე მოწესრიგდეს თითოეული რგოლი. მათ შორის, დაავადებათა კონტროლი თუ ფერმერთა განათლება.

,,აკვაკულტურის პრობლემის მოგვარება სადედე ჯოგების განახლებით უნდა დაიწყოს. გენეტიკა დანათესავებულია, რაც დარგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. საკვები მთლიანად იმპორტირებული და შესაბამისად, ძვირია. ფერმერებს არ აქვთ ცოდნა, რის გამოც უხანგრძლივდებათ თევზის წარმოება და უძვირდებათ თვითღირებულება,”-აცხადებს ორგანული აკვაკულტურის განვითარების თავმჯდომარე.

აჭარის რეგიონში ბოლო კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ საკალმახე მეურნეობების რაოდენობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული. კერძოდ, რეგიონში არსებული 140 საკალმახე მეურნეობიდან ამ ეტაპზე მხოლოდ 18 მოქმედებს.

ქრისტინე გამთენაძე