ახალი ავტობუსები კონდიცირების სისტემით არის აღჭურვილი

ახალი ავტობუსები კონდიცირების სისტემით არის აღჭურვილი , - ამის შესახებ თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა მამუკა მუმლაძემ ”პალიტრანიუსის” გადაცემა ”ჩემი კითხვის” ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ახალი ავტობუსები ასევე შეზღუდული შესაძლებლობების პირებზე ადაპტირებული იქნება.

”მიკროავტობუსებს რაც შეეხება, მოგვიწია ინტენსიური მუშაობა, რომ კონდიცირება ყოფილიყო ჩართული. კომპანიას მძღოლებთან სხვა ურთიერთობა აქვს და მოუწია შეღავათების გაწევა მიკროავტობუსებისთვის, რომ კონდიცირება ჩართულიყო, თუმცა დამატებითი სამუშაოების ჩატარება მოგვიწია და მძღოლების დაახლოებით 70%-ს ჩართული ჰქონდა კონდიცირება. რაც შეეხება ახალ ავტობუსებს, ისინი თბილისის კლიმატზე მორგებული კონდიცირებით იქნება აღჭურვილი. ავტობუსის მძღოლს აქვს მოჭრილი ხელფასი, მას არ დასჭირდება თქმა, რომ კონდიცირება ჩართოს, რადგან ეს მას არ დააწვება. დამატებით მუშაობს მონიტორინგის სამსახური და მკაცრი სასჯელი იქნება, თუკი საჭირო დროს გათბობა ან კონდიცირება ჩართული არ იქნება”, - აღნიშნა მუმლაძემ.

რაც შეეხება ძველ ავტობუსებს, მუმლაძის განმარტებით, ყვითელ ავტობუსებში კონდიცირება გათვალისწინებული არ იყო, მგზავრების მოთხოვნით დააყენეს, თუმცა არ იმუშავა. მისივე თქმით, პირველი 10 ავტობუსის პრეზენტაცია 30 სექტემბერს გაიმართება.