Google-ის „ჭკვიანი“ მესინჯერი

კომპანია Google-მა ახალი „ჭკვიანი“ მესინჯერი Allo წარმოადგინა, რომელიც Android-ისა და iOS-ის სმარტფონებისთვისაა განკუთვნილი. ის აღჭურვილია „ჭკვიანი“ პასუხის ფუნქციით, რომელიც მეგობრებთან მიმოწერის დროს ჩნდება და პასუხის რამდენიმე ვარიანტს სთავაზობს მომხმარებელს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ეს ფუნქცია სამომავლოდ სულ უფრო დაიხვეწება და მოერგება უშუალოდ მის მომხმარებელს.

გარდა ამისა, Google საკუთარი სურათის ამომცნობი ფუნქციით, ასევე ჭკვიანურ პასუხებს შესთავაზებს მომხმარებელს იმ ფოტოებზე, რომელსაც სხვა მომხმარებლებისგან მიიღებს.

აპლიკაციაში „სმაილიკების“ გარდა, ასევე ხელმისაწვდომია სტიკერები და ცალკეული ტექსტის შრიფტის დაპატარავება-გადიდების ფუნქცია.

ამ დროისთვის აპლიკაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

კოკა კვირკველია