ბიძინა ივანიშვილმა ეკონომიკური ფორუმის მოწვევის რამდენიმე მიზეზი დაასახელა

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ეკონომიკური ფორუმის მოწვევის რამდენიმე მიზეზი დაასახელა. როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ორგანიზაცია ”მოქალაქის” მიერ ორგანიზებული ფორუმის ”ეკონომიკური განვითარება - მიღწევები და პერსპექტივების” დაწყებამდე განაცხადა, აღნიშნული ღონისძიების მოწვევის აზრი პირველ რიგში არის ის, რომ საზოგადოებას უჭირს მთავრობის ეკონომიკურ მიღწევებზე ანალიზის გაკეთება.

”ეს არის ამ ფორუმის პირველი დანიშნულება, რომ გაკეთდეს ანალიზი, რამდენად სწორად ვითარდება ჩვენი ქვეყანა ეკონომიკური თვალსაზრისით, რამდენად სწორ რეფორმებს ატარებს მთავრობა, რამდენად სწორად ეხმარება ბიზნესს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ფორუმის მოწვევის მეორე დანიშნულება არის ის, რომ ბიზნესთან ერთად გამოინახოს უფრო სწორი გზები ეკონომიკის განვითარების.

”გავაანალიზოთ და ხელისუფლებას მოვუძებნოთ რა შეცდომები დაუშვა, თუ არის ასეთი, ამავდროულად, სწორი გზები გამოვნახოთ”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ეკონომიკურ ფორუმს ეკონომისტები, ბიზნესმენები და რამდენიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ესწრება.