ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენებს - კითხვას გისვამთ - საკმარისად აქტიურობთ? საკმარისია თქვენი როლი და წვლილი?

მინდა შეკითხვა დაგისვათ ბიზნესმენებს - რამდენად აქტიურები ხართ თქვენ დღეს? რამდენად ცდილობთ განუმარტოთ საზოგადოებას ის გარდაქმნები, რაც ქვეყანაში მოხდა , - ასე მიმართა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ორგანიზაცია „მოქალაქის” მიერ ორგანიზებულ ფორუმზე დამსწრე და ზოგადად ქვეყანაში მოღვაწე ბიზნესმენებს.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, მას საკმაოდ უჭირს ახსნა ჟურნალისტებისთვის ეკონომიკის, რადგან ისინი არ არიან ეკონომიკის სპეციალისტები. ბიძინა ივანიშვილმა მიმართა ბიზნესს და აღნიშნა, რომ სწორედ ბიზნესსექტორია ის, ვისაც ყველაზე კარგად გაეგება ეს საკითხი და არის ყველაზე კარგი შემფასებელი.

”ამ მხრივ შესაძლებლობები გაქვთ, მაგრამ მე მაქვს კითხვა, რამდენად აქტიურობთ თქვენ? ფაქტია, რომ ანალიზის გაკეთება შეგიძლიათ, მაგრამ რამდენად ეხმარებით საზოგადოებას, რამდენად აქტიურები ხართ ამ მიმართულებით, რამდენად ცდილობთ, რომ თქვენც განუმარტოთ და თქვენი წვლილი შეიტანოთ არჩევნებში. მე მაქვს ეს შეკითხვა. შეკითხვა არასდროს დამისვამს. 2012 წელს, როდესაც არჩევნები ჩატარდა, 2011 წელს, როდესაც პოლიტიკაში მოვედი არასდროს არ მომიკითხავს ბიზნესი განსაკუთრებით და არასდროს დამისვამს მსგავსი შეკითხვა - რას აკეთებს ბიზნესი? რამეთუ გარკვეულ მიზეზებს მე გაგებით ვეკიდებოდი. დღეს მინდა დავსვა ეს კითხვა - ჩაიხედეთ თითოეულმა თქვენს თავში, ვინც აქ ხართ და ვინც არ ხართ. რამდენად აქტიურები ხართ თქვენ დღეს, რამდენად ცდილობთ განუმარტოთ თუგინდ თანამშრომლებს, თუგინდ ფართო საზოგადოებას ის გარდაქმნები, რაც მოხდა ქვეყანაში, ან თქვენ თვლით, რომ სხვანაირად არაფერი მომხდარა და არაფერი განსამარტი არ არის”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, საფრანგეთში ბურჟუაზიული რევოლუცია სწორედ ვაჭრებმა, ბიზნესმენებმა მოახდინეს. სწორედ მათ, ვისაც ჰქონდათ ქონება და თავისუფლება მეტად სწყუროდათ.

”ასრულებთ დღეს თქვენ ამ როლს? მე ამას შეკითხვის სახით ვსვამ. ღმერთმა დამიფაროს, რომ რაიმე პრეტენზია გამაჩნდეს ნებისმიერი თქვენგანისადმი. მე რა უფლება მაქვს, მაგრამ როგორც მოქალაქეს მაქვს კითხვის დასმის უფლება და გისვამთ - საკმარისად აქტიურობთ? საკმარისია თქვენი როლი და წვლილი?” - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.