თბილისში თევზის, ცხოველებისა და ფრინველების საკვების მწარმოებელი საწარმო აშენდა

ქართულმა კომპანიამ ,,ნუტრიმაქსი” თბილისში ევროპული დონის თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური კომბინირებული საკვები საწარმო ააშენა.

კომპანიის წარმომადგენლების ცნობით, საწარმო წლის განმავლობაში 50 000 ტონა ცხოველის, ფრინველისა და თევზის საკვებს გამოუშვებს. პროექტის ღირებულება 5 მილიონი ლარია.

საწარმოში, რომელიც ფონიჭალის ზემო დასახლებაში 30 394 კვ.მეტრის ფართობზე მდებარეობს, 50 ადამიანი დასაქმდა.

კომპანია ქართულ ბაზარზე 2009 წლიდან საქმიანობს და მესაქონლეობის, მეფრინველეობის და მეღორეობის მიმართულებით მზა საკვებსა და საკვებდანამატებს აწარმოებს, რომლის რეალიზებაც თბილისსა და სხვადასხვა რეგიონებში ხდება.

„ნუტრიმაქსი“ ცხოველის, ფრინველის და თევზის საკვების წარმოებაში მსოფლიო ლიდერი კომპანიის Nutreco-სა და მისი შვილობილი კომპანის Trouw Nutrition Hyfeed-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში.

თაია არდოტელი