რომან გოცირიძე - ესაა ფორუმი, სადაც მოდიან ბიზნესმენები, ექსპერტები არაფორმალურ მმართველს ანგარიშს აბარებენ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელ რომან გოცირიძის თქმით, ის ბიძინა ივანიშვილის „მოქალაქის“ მიერ ორგანიზებულ ორ ფორუმს ესწრებოდა , თუმცა ვინაიდან აქ ქვეყნის და ეკონომიკის განვითარებისთვის საჭირო წინადადებები ვერ მოისმინა, შემდგომ ფორუმებზე აღარ მისულა.

”ექსპერტის სტატუსით ორ ფორუმს დავესწარი. თავად ივანიშვილი 15 წუთით ჩერდებოდა და შემდეგ მიდიოდა. ამ ფორუმებზე არცერთი სერიოზული წინადადება არ ყოფილა, რომელიც ქვეყანას წაადგებოდა, ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობდა ხელს. ესაა ფორუმი, სადაც მოდიან ბიზნესმენები, ექსპერტები არაფორმალურ მმართველს ანგარიშს აბარებენ. ეს ფორმატი ფუჭი ლაყბობაა. ამბობენ, რომ მე-7 ფორუმია, სინამდვილეში კი მე-5 ფორუმია, საიდანაც ორს ვესწრებოდი კიდეც“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

რომან გოცირიძის კომენტარს ”ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს.

ყოფილმა პრემიერ-მინიტრმა ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში“, ორგანიზაცია ”მოქალაქის” ინიციატივით გამართულ ფორუმზე ”ეკონომიკური განვითარება - მიღწევები და პერსპექტივების” დაწყებამდე განაცხადა, რომ ”რომან გოცირიძემ ეს ხერხი იხმარა და ფორუმს ფორუმი დაუპირისპირა”.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ბევრი პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირებული ექსპერტი ცდილობს, რომ ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა აკრიტიკოს და ამ ფორუმზე დასწრებას თავს არიდებს.

”პერსონალურად დაპატიჟეს დღესაც გოცირიძე და მისთანანი, ვინც ექსპერტობას იბრალებენ და რეალურად წევრად წარმოგვიდგა დღეს „ნაციონალური მოძრაობის“. ამაში ცუდი არაფერია”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

რაც შეეხება იმას, რომ რომან გოცირიძემ დღეს თავად დაპატიჟა ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ასევე ეკონომიკურ ფორუმზე, ბიძინა ივანიშვილის თქმით, რომან გოცირიძემ ფორუმს ფორუმი დაუპირისპირა.

”ეს იმას ჰგავს, რაზეც ახლა შრომობს პრემიერი. კვირიკაშვილის ინიციატივა იყო, არ ვიცი რამდენმა მოაწერა ხელი, რომ ერთი პარტიის ღონისძიებაზე მეორე პარტიის წარმომადგენლები არ მივიდნენ და დებოში არ ატეხონ. ახლა გოცირიძემ ეს ხერხი იხმარა და ფორუმს ფორუმი დაუპირისპირა. ის ერთი-ორჯერ შემოძვრა აქ, რომ ნახა მე ვიყავი, იმ წუთას გაიპარა. ვერავითარი გამოსვლა ვერ მოახერხა. გარეთ გააკეთა კომენტარი, შიგნით - არა. ბიზნესთან ამას ვერ ბედავს პროფესიონალებთან და ცდილობს რომ ხალხი, რომელსაც ეკონომიკური განათლება არ აქვს სიბნელეში ამყოფოს. მისი ყველა გამოსვლა სიცრუეზეა დაფუძნებული. დღევანდელი ტრიუკი თუ ასეა, რომ თითონ დაიწყო ფორუმის დაფუძნება არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, მხოლოდ სასაცილოა და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ეს უპასუხისმგებლო ხალხის ცდილობს ადამიანებს, რომლებსაც დღეს მართლა უჭირთ საქართველოში და ქვეყანაში ბევრი გაჭირვებულია, თუმცა ამაში არ არის ხელისუფლების დანაშაული, ეს ჩვენი ხვედრია ბოლო წლების, ათწლეულების. ამ ხალხს დაანახონ, ეს ყველაფერი მთავრობას დააბრალონ და ამით პოლიტიკური ქულები ჩაიწერონ. ამას ვერ ახერხებენ და აქ ვერ მოდიან, რადგან არ აქვთ სათქმელი”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.