ბიძინა ივანიშვილი - ზოგიერთ ბიზნესმენს დღესაც აქვს ნოსტალგია და უკან იყურება

არ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთ ბიზნესმენს დღესაც აქვს ნოსტალგია და უკან იყურება, ისინი, ვინც განსაკუთრებულ სიახლოვეს გრძნობდნენ "ნაციონალურ მოძრაობასთან" , - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ორგანიზაცია "მოქალაქის" ინიციატივით გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დღეს ვერც ერთი ბიზნესმენი ვერ იტყვის, რომ ვინმე მათ საკუთრებას უთვალთვალებს და "ვინმე აპირებს მათ ჯიბეში ჩაძრომას".

"მოდით ვიყოთ გულწრფელნი. ის, რომ ისე გაგრძელებულიყო და 2012 წელი არა "ქართული ოცნების", არამედ მათი გამარჯვებით დასრულებულიყო, დაახლოებით თქვენც ხომ კარგად იცით, რა დღეშიც იყავით. იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთ ბიზნესმენს დღესაც აქვს ნოსტალგია და უკან იყურება. ისინი, ვინც განსაკუთრებულ სიახლოვეს გრძნობდნენ იმ გუნდთან. მაშინ რომ "ნაციონალურ მოძრაობას" გაემარჯვა და მართვის ის მოდელი გაგრძელებულიყო, სად იქნებოდით დღეს თითოეული თქვენგანი? ყველაზე ახლოს მყოფნიც კი. შიდა ქონების გადანაწილების პროცესი გაგრძელდებოდა და ვინ სად აღმოჩნდებოდა, ღმერთმა იცის. იმ მოდელით მართული ეკონომიკით დღეს ხელფასებს ვერ გასცემდნენ საჯარო მოხელეებზე და პენსიებს ვერ დაარიგებდნენ, ეს თქვენთვის, ბიზნესმენებისთვის რთული გასაგები და საანალიზოა?" - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მან ღონისძიების დამწრე ბიზნესმენებს მიმართა, აკეთებენ თუ არა ისინი განმარტებებს საკუთარ გუნდთან და თანამშრომლებთან და თუ აქვთ განცდა, რომ ეს არის გაცილებით მასზე უკეთესი, რაც იყო.

"თუ ეს განცდა გაქვთ, აკეთებთ თქვენ შესატყვის განმარტებებს?",- მიმართა ბიძინა ივანიშვილმა ფორუმზე დამსწრე ბიზნესმენებს.