რომან გოცირიძე “ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამაზე - ეს დოკუმენტი ფარატინა ქაღალდად დარჩება

”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა რომან გოცირიძემ დღეს, სატუმრო ”ამბასადორში” მოხსენება გააკეთა , თემაზე: „ქართული ოცნებისა” და ”ნაციონალური მოძრაობის” ეკონომიკური პროგრამების შედარებითი ანალიზი“. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს.

ინფორმაციაში პუნქტობრივად არის ჩამოყალიბებული შენიშვნები ”ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამაზე და აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამა ფარატინა ქაღალდად დარჩება”. სააგენტო ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

”1. ქართული ოცნების ახალი საარჩევნო პროგრამა არის ეკლექტური, არარეალისტური დოკუმენტი, ფაქტობრივად, ეს არის სამინისტროების მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში და მომავალში გასაკეთებელ საქმეთა ჩამონათვალი, ტრადიციულად გაჯერებული ცრუ დაპირებებით.

2. პროგრამით, ქვეყნის ფინანსური რესურსები სათანადოდ არაა შეფასებული, რის გამოც იგი დეკლარირებული სურვილების ერთობლიობაა და აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას. მასში გათვალიწინებული ღონისძიებები იმდენად ძვირია, რომ არა თუ ოთხი წლის , არამედ ორი ათეული წლის შემოსავლებიც ვერ გასწვდება მის ხორცშესხმას, რომ არაფერი ვთქვათ მათ მიზანშეწონილებაზე.

3.ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამა ხელისუფლების მიერ გატარებული იმ ძველი კურსის გაგრძელებაა, რომელმაც ქვეყანა კრიზისში შეიყვანა. ამ დოკუმენტიდან ჩანს, რომ მთავრობას არ აქვს მომავლის ხედვა და არ აპირებენ დაშვებული შეცდომების გამოსწორებას.

ეს პროგრამა ისეთივე ფარატინა ქაღალდად დარჩება, როგორც მათი წინამორბედი დოკუმენტები, რადგან იგი რეალობას არის მოწყვეტილი და ვერ გახდება ქვეყნის განვითარების საფუძველი.

რას არ გვპირდებიან:

-პენსიების ზრდას.

-გადასახადების შემცირებას. სრულიად იგნორირებულია მცირე ბიზნესი.

-ბიზნესზე სახელმწიფო-ადმინისტრაციული წნეხის შემცირებას.

-ზედმეტ რეგულაციებზე უარის თქმას .

-ბიუროკრატიული და არაეფექტიანი ხარჯების შემცირებას.

-ბიზნესისა და ინვესტიციების დაცულობის რადიკალური სამართლებრივი ნორმებისა და პროცედურების დანერგვას, სახელმწიფოსთან დავისას მოქალაქის უფლებების გაფართოებას.

-მასწავლებელთა ხელფასების სწრაფ ზრდას

-სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცების რეალური მექანიზმების ამოქმედებას.

-პირად ცხოვრებაში ჩაურევლობას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.