ირაკლი რუხაძე - ბიძინა ივანიშვილს ბიზნესმენებისთვის პოლიტიკური განცხადების გაკეთება არ უთხოვია

ბიძინა ივანიშვილს ბიზნესმენებისთვის პოლიტიკური განცხადების გაკეთება არ უთხოვია და ეს რამდენჯერმე დააზუსტა კიდეც , - ამის შესახებ ”ჰანიველ პარტნერსის" მმართველმა პარტნიორმა ირაკლი რუხაძემ ორგანიზაცია ”მოქალაქის” ინიციატივით გამართული ფორუმის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ირაკლი რუხაძემ აღნიშნა, საუბარი იყო ძირითადად იმაზე, თუ როგორ ვითარდება საქართველოს ეკონომიკა.

”საუბარი იყო ძირითადად იმაზე, რომ საქართველოს ეკონომიკა დღეს ბევრად კარგად ვითარდება, ვიდრე წინა მთავრობის დროს. საქართველოს ეკონომიკა ბევრად კარგად ვითარდება, ვიდრე ჩვენი მეზობელი ქვეყნების ეკონომიკა. მძიმე სიტუაციაში, როცა ნავთობზე ფასი დაეცა, როცა საქართველოს ძირითადი პატნიორი ქვეყნები მძიმე მდგომარეობაში არიან, ჩვენი ქვეყანა მაინც კარგად ვითარდება, მაგრამ რატომ არის, რომ ფართო საზოგადოებამდე ამის მიტანა რთულია, ეს არის რთული საკითხი. რთულია ადამიანს უთხრა, რომ აი, შენი მეზობელი შენზე ცუდად ცხოვრობს და შენ კარგად ცხოვრობ. იყო საინტერესო საუბარი ამ თემაზე. კარგია, რომ ასეთი საუბრები არის”, - განაცხადა რუხაძემ.

რაც შეეხება ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიმართვას ბიზნესმენებისადმი, რომ რამდენად აქტიურები არიან ისინი და რამდენად ცდილობენ განუმარტონ საზოგადოებას ის გარდაქმნები, რაც ქვეყანაში მოხდა, ირაკლი რუხაძის შეფასებით, ივანიშვილს მათთვის პოლიტიკური განცხადების გაკეთება არ უთხოვია და ეს რამდენჯერმე დააზუსტა კიდეც.

”არასწორი იქნებოდა მას რომ მოეთხოვა, გინდა თუ არა, გააკეთე განცხადება, ვის მისცემ ხმასო. ასეთი მოწოდება არ ყოფილა. ლაპარაკი იყო იმაზე, რომ თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, როგორ შეიძლება ეს უფრო ფართოდ იყოს მიტანილი თანამშრომლებამდე”, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

დღეს ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესმენებს შეხვედრაზე პოლიტიკური შეფასების გაკეთება სთხოვა.

”მე არ მაქვს ილუზია, რომ ყველაფერი იდეალურად იყო. ზოგიერთი რამ შეიძლებოდა უფრო ადრე შეცვლილიყო, ან იქნებ რაღაც დავაგვიანეთ და რაღაც შესაცვლელია, მაგრამ არ ყოფილა უხეში შეცდომა, ისეთი, რასაც შეიძლებოდა პრინციპული გავლენა მოეხდინა ეკონომიკაზე. შეიძლება გარკვეულწილად კითხვები ჩნდებოდეს პირველ რიგში კანონმდებლობასთან დაკავშირებით. შეიძლებოდა რაღაც კანონმდებლობა უფრო კარგად მოგვერგო ბიზნესზე. ალბათ ასეთი შენიშვნები გექნებათ, მაგრამ შენიშვნების დროს გთხოვთ, რომ პირობითი შეფასებაც გააკეთოთ. პოლიტიკურ შეფასებასაც ვითხოვთ თქვენგან, რადგან 2 კვირის შემდეგ არჩევნებია”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.