გამოკითხულ ამერიკელთა 28% აშშ-ის პრეზიდენტად ბილ გეითსს აირჩევდა

გამოკითხული ამერიკელების 28% საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს დაუჭერდა პლანეტის ყველაზე მდიდარ ადამიანს ბილ გეითსს, ეს უკანასკნელი კენჭს რომ იყრიდეს.

კომპანია Fidelum Partners-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 28% ფიქრობს, რომ ამერიკელი მილიარდერი კარგი პრეზიდენტი იქნებოდა.

გამოკითხვაში მონაწილეთა ასევე 28% აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპს ისურვებდა, 33% კი ჰილარი კლინტონს.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 21%-ის განცხადებით, არჩევნებში ხმას ელენ დეჯენერისს მისცემდა, 17% - მარკ ცუკერბერგს, 17% - უორენ ბაფეტს, 11% კი ამერიკელ კალათბურთელს ლებრონ ჯეიმსს.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხვაში მონაწილეთა 42% ხმას ისევ ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს ბარაკ ობამას მისცემდა, გამოკითხული ამერიკელების 6% კი აშშ-ის პრეზიდენტად ვლადიმერ პუტინს აირჩევდა.

კვლევაში მონაწილეობა 1 012-მა ზრდასრულმა მიიღო.