საგურამოში  „საგურამოჰესი“ გაიხსნა

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში ახალი ჰიდროელექტროსადგურის, „საგურამოჰესის“ მშენებლობა დაასრულა.

ჰესი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა საინვესტიციო ჯგუფ „ბიჯეოს“ გენერალურ დირექტორ ირაკლი გილაურთან და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურ დირექტორ გიორგი ცხადაძესთან ერთად გახსნა.

„საგურამოჰესის“ გახსნის ცერემონიას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, თბილისის მერი და ვიცე-მერები, თბილისის საკრებულოს წევრები, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი, ბიზნესსექტორის, ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ეკონომიკის ექსპერტები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„საგურამოჰესის“ მშენებლობის ინიციატორი და პროექტის ავტორი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერია“. ეკოლოგიურად სუფთა მწვანე ჰესის უმაღლესი ხარისხისა და თანამედროვე ტექნოლოგიის მშენებლობისთვის კომპანიამ 11 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. „საგურამოჰესი“ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მთავარი აქციონერის GWP-ის ასპროცენტიანი წილის მფლობელი საინვესტიციო ჯგუფ „ბიჯეოს“ მხარდაჭერით ააშენა, რომელიც კვლავ აქტიურად განაგრძობს უცხოური მოზიდული კაპიტალის ქართულ კომპანიებში ინვესტირებას.

„ბიჯეო ჯგუფმა“ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ ჯამში უკვე 200 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა, რამაც, როგორც კომპანიაში აცხადებენ, მის გაფართოებას და განვითარებას ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო. აგრეგატის დადგმული სიმძლავრე 5 მეგავატია, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება 32 მილიონი კილოვატსაათი.

„საგურამოჰესის“ ტურბინა გენერატორი და დამხმარე მოწყობილობები ავსტრიულმა კომპანიამ დაამზადა, რომელიც ლიდერია ჰიდროაგრეგატების წარმოების დარგში. სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი ქართულმა სამშენებლო კომპანია „სპეცჰიდრომშენმა“ განახორციელა. მშენებლობის პროცესს მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი შვეიცარიული კომპანია ზედამხედველობდა.

ახალი ჰესი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სათავე ნაგებობებისა და სატუმბი სადგურების ელექტროენერგიით უწყვეტ მომარაგებას უზრუნველყოფს, რაც თბილისის წყალმომარაგების კიდევ ერთი გარანტი იქნება.

„საგურამოჰესის“ მშენებლობა 2015 წლის დეკემბერში დაიწყო. პროექტის განსახორციელებლად კომპანიამ დამატებით 100 ადამიანზე მეტი დაასაქმა. 25 სექტემბრიდან ახალი ჰიდროელექტროსადგური საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში ჩაერთო. როგორც პროექტის ავტორები აცხადებენ, ასეთი ტიპის ეკოლოგიურად სუფთა ჰესების მშენებლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მისაღწევად.