„საგურამოჰესს“ ზამთარ-ზაფხულ თანაბარი გამომუშავება აქვს

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ ილია ელოშვილის განცხადებით, „საგურამოჰესი“ თავისი მნიშვნელობით უნიკალურია. მისივე თქმით, ჰესს ზამთარ-ზაფხულ თანაბარი გამომუშავება აქვს.

„ეს არის ძალიან გამორჩეული ჰესი. ამ იდეის დაბადებას და განხორციელებას დასჭირდა დაახლოებით 2 წელი, რაც სარეკორდო დროა ნებისმიერი ჰესის მშენებლობისთვის. ეს ადასტურებს იმას, თუ რაოდენ მოქნილია ჩვენი საკანონმდებლო ბაზა, ნორმატიული ბაზა და რამდენად დაიხვეწა კომპანიების მუშაობა. ეს არის უნიკალური ჰესი, რადგან ზამთარ-ზაფხულ თანაბარი გამომუშავება აქვს. ეს ჰესი უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის, რადგან ჩვენი ძირითადი დეფიციტი არის შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. აქვე მნიშვნელოვანია, რომ ამ ჰესს აქვს მინიჭებული მწვანე ჰესის სტატუსი“, - განაცხადა ელოშვილმა.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალური დირექტორის, გიორგი ცხადაძის თქმით, ეს არის ულტრათანამედროვე ჰესი, რომელიც აღჭურვილია ავსტრიული დანადგარებით. „მისი სიმძლავრე არის 4,5 მეგავატი. ეს ხელს შეუწყობს თბილისის, რუსთავის, მცხეთის წყალმომარაგებას. ეს არის მწვანე ჰესი და მას გარემოზე ზემოქმედება საერთოდ არ აქვს. მისი სიმძლავრე არის ოპტიმალური“, - განაცხადა ცხადაძემ.

„ბიჯეო ჯგუფის“ გენერალური დირექტორის, ირაკლი გილაურის თქმით კი, შემდეგი სამი წლის განმავლობაში ჯგუფი საქართველოში 150 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს ენერგეტიკული მიმართულებით. „საგურამოჰესი“ პატარაა, მაგრამ ძალიან კარგი დასაწყისია. შემდეგი სამი წლის განმავლობაში ჩვენი გეგმები არის ის, რომ 150 მილიონი დოლარის ინვესტიციას განვახორციელებთ. ასევე, ჩვენ ვფლობთ ასპროცენტიან წილს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ და ვგეგმავთ ლონდონის ბირჟაზე განვათავსოთ აქციები დამატებითი კაპიტალის მოსაზიდად“, - განაცხადა გილაურმა.