როგორ აქცია თამარ წიქარიშვილმა გადაგდებული მატყლი წარმატებულ ბიზნესად

აბასთუმნის მაღალმთიანი სოფლის, კლდის მკვიდრი თამარ წიქარიშვილი არა მხოლოდ კარგი მეურნეა, არამედ იმის სიმბოლოც, რომ წარმატების მიღწევა მხოლოდ საკუთარი ძალითაც შეიძლება , რაც ჩვენი მოსახლეობის უმეტესობას აღარ სჯერა. თამარსაც გადატანილი აქვს ის მძიმე წლები, როცა ოჯახისთვის საარსებო სახსრის მოსაპოვებლად სამშობლოდან წასვლა აუცილებელი გახდა. უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული ჰქონდა, როცა საბერძნეთის ბილეთი აიღო და ოჯახს გამოუცხადა, გადავწყვიტე, უცხოეთში სამუშაოდ წავიდეო. მაშინ ოჯახის წევრებმა პირობა ჩამოართვეს, რომ დაბრუნდებოდა და გზაც დაულოცეს. თამარმა საბერძნეთში ორი წელიწადი დაჰყო და ოჯახის დახმარებასთან ერთად, მშობლიურ სოფელში მიწის ნაკვეთიც იყიდა, რომელზეც დღეს 200 კვმ ფართობის მატყლისა და ბუმბულის გადამმუშავებელ საწარმოს აშენებს. ასე იქცა ერთ დროს გაუბედავი პატარა გოგო მეწარმედ, რომელსაც მომავალი წინ აქვს.

თამარ წიქარიშვილი: - ყველაფერი იმით დაიწყო, რომ წლების განმავლობაში ვუცქერდი, როგორ ყრიდნენ­ ჩემს სოფელში ცხვრის ძვირფას მატყლს.­ ჩვენი სოფელი მაღალმთიანია. აქ ათეული­ წლების წინ გადმოსახლებული იმერლები­ ვცხოვრობთ, 170-მდე კომლი. ადრეულ წლებში ცხვრის ხორცსა და ყველთან ერთად, მატყლსაც იბარებდნენ, მაგრამ როცა მატყლი აღარ იყიდებოდა, მოსახლეობამ მისი გადაყრა დაიწყო. ზოგიერთ ოჯახს წელიწადში 100 კილოგრამამდე მატყლი უგროვდებოდა, რაც ოჯახში მოსახმარად ძალიან ბევრი იყო. წინდებისა და სხვა სამოსის დასაქსოვად, დიდი-დიდი, 20-30 კგ მატყლი დაეტოვებინათ ოჯახში, დანარჩენი კი ზედმეტი ბარგი იყო.

ამაზე ბევრი ვიფიქრე და ერთ დღესაც გადავწყვიტე, გადასაყრელად გადადებული მატყლი შემესყიდა, გამერეცხა, საბნები და ლეიბები შემეკერა და გამეყიდა. ჩვენს მხარეში მკაცრი კლიმატია და მატყლის ლოგინს აქ უპირატესობას ანიჭებენ. ამიტ­ომ დავწერე პროექტი და 1.200-ლარიანი­ დაფინანსება მივიღე. ერთი რამ მტკიცედ გადავწყვიტე - რასაც ვაწარმოებდი, ყველ­აფერი ხარისხიანად და ლამაზად დამემზადებინა. ეს გადაწყვეტილება უკან კეთილი ბუმერანგივით დაგვიბრუნდა. ჩვენი ხარისხიანი პროდუქცია ვინც ნახა, სხვას უამბო, იმ სხვამ - სხვას და ასე შემოვიკრიბეთ კლიენტები.

ეს არ იყო ადვილი - საბან-ლეიბისთვის ჩვენ კი ხარისხიან ქსოვილს ვურჩევდით, მაგრამ ვიღაცისთვის ამ ქსოვილის თანხა არ იყო ადვილად გადასახდელი, ამიტომ გვთხოვდა, ძველი საბნების ქსოვილებს მოგიტანთ, მასში ახალი მატყლი შემიკერეთო, ჩვენ კი ვეუბნებოდით, ასე არ გამოვა, ძველი ქსოვილი ჩვენი მატყლის ეფექტს აფუჭებს და ჩვენს ნახელავს­ აუფასურებსო.

ჩვენი წარმატება არა მხოლოდ ჩემი ოჯახისთვის, მცირე ფერმერისთვის, სოფლისთვის აუცილებელი იყო. ცხადია, რაც უფრო მეტ პროდუქციას შეგვიკვეთდნენ, მით უფრო მეტ ადამიანს მივცემდით მატყლის რეალიზაციისა და დასაქმების საშუალებას. ასეც მოხდა.

დღეს საწარმოში რამდენიმე ათეული ადგილობრივი ადამიანი აბარებს მატყლს. საწარმოში კი უკვე შვიდი ჩემი თანასოფლელია დასაქმებული. ძალიან კარგია, რომ სოფელში გოგონებმა გამოთქვეს სურვილი, საბნების კერვა ესწავლათ.

რეგიონში ტურისტების რაოდენობის ზრდამ­ სასტუმროების ქსელი გაზარდა, სასტუმროებმა კი მეტი და ხარისხიანი პროდუქცია მოგვთხოვეს. ასე გადავწყვიტე, წარმოება გამეზარდა. საბედნიეროდ, პროექტით დაინტერესდა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებული "მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამა", "მერსი ქორფსი". ასე რომ, წელს ჩვენს საწარმოს უკვე 200 კვადრატულ მეტრამდე გავაფართოებთ.

- ცხადია, პროექტში მატყლის დამუშავების ტექნოლოგიებიც გათვალისწინებული იქნება.

- ვისაც მატყლი არასოდეს გაურეცხავს, მან არც იცის, ეს რა ძნელია. ჩვენ მატყლს აბაზანებში ხელით ვრეცხავთ. რთული პროცესია მატყლის შრობაც. 

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 26 სექტემბრის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად

ეთერ ერაძე