„თეგეტა მოტორსი“ საერთაშორისო ავტოინდუსტრიულ გამოფენაზე Automechanika Frankfurt 2016 წარდგა

„თეგეტა მოტორსი“ საერთაშორისო ავტოინდუსტრიულ გამოფენაზე Automechanika Frankfurt 2016 წარდგა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ”თეგეტა მოტორსიდან” აცნობეს, “თეგეტა მოტორსი” მრავალი წელია მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ავტოინდურსტრიულ გამოფენაზე და წელს კომპანია Automechanika Frankfurt 2016-ზე სხვადასხვა ინოვაციური პროექტებით წარსდგა.

მათივე ინფორმაციით, გამოფენამ სხვადასხვა ქვეყნიდან 136000-ზე მეტ ვიზიტორს უმასპინძლა. Automechanika Frankfurt 2016 საავტომობილო ინდუსტრიის სფეროში მოღვაწე კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს წარადგინოს ინოვაციური პროექტები, დანადგარები და მომსახურება საერთაშორისო ბაზარზე. საგამოფენო ცენტრი Messe Frankfurt-ი ის ადგილია, სადაც მონაწილე კომპანიებს საშუალება ეძლევათ უშუალო კონტაქტი დაამყარონ პოტენციურ პარტნიორებთან.

„თეგეტა მოტორსმა“ გამოფენაზე წარმოადგინა სერვისები, რომლებიც მთლიანად მომხმარებლის კომფორტზეა ორიენტირებული: მულტიბრენდულ ავტო-ტექ მომსახურება, სრული სერვისი მსუბუქი, სატვირთო და სპეცტექნიკისთვის; ონლაინ პლატფორმა mycarhistory, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს შეუძლია მუდმივად აკონტროლოს კუთვნილი ავტომობილის, როგორც ტექნიკური მდგომარეობა, ისე დანახარჯები; წინასწარი ონლაინრეზერვაციის სერვისი; ფრანჩაიზი; „თეგეტა ქარდი“ და „თეგეტა კომფორტი“ , რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს მუდმივად მწყობრში ჰყავდეს ავტომობილი სერვისცენტრში მიუსვლელად, მომხმარებელს სასურველ ადგილას მიაკითხავს „თეგეტა მოტორსის“ წარმომადგენელი, წაიყვანს ავტომობილს და გამართულს უკან სასურველ ადგილას მიუყვანს. ასევე წარდგენილი იქნა „თეგეტა მოტორსის აკადემია“, ონლაინ კატალოგები, ავტოსერვისის მოწყობის პროექტები და ”ბოშის” დიზელის ძრავზე მომუშავე ავტომობილების სპეციალური სერვისცენტრი, რომელსაც,”თეგეტა მოტორსის” განცხადებით, ანალოგი არ აქვს ამიერკავკასიაში.

მათივე ცნობით, ვიზიტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალურად ენახათ ის პროდუქტები და სერვისები რომლებიც „თეგეტა მოტორსს“ ჰქმნის საქართველოში ბაზრის ლიდერ კომპანიად და მრავალწლიანი პრაქტიკიდან გამომდინარე მზად არის საერთაშორისო ბაზარს შესთავაზოს ავტოსერვისის უნიკალური პროექტები.

„თეგეტა მოტორსის“ წარმომადგენლები ასევე გაეცნენ მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ წარმოდგენილ ინოვაციურ ტექნოლოგიებს და დანადგარებს მსუბუქი ავტომობილების მიმართულებით და მათ სულ მალე ქართველი მომხმარებელი „თეგეტა მოტორსის“ სერვის ცენტრებში იხილავს.

„თეგეტა მოტორსი“ უკვე 20 წელია საქმიანობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. „თეგეტა მოტორსი“ არის მსოფლიოში წამყვანი 300-ზე მეტი ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Riken, Falken, Varta, Exide, Shell, Motul, Fuchs-titan, Meguin, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის: საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით.