ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და ”სილქნეტს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და კომპანია ”სილქნეტს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში ერთობლივი პროგრამები განხორციელდება. თანამშრომლობის ფარგლებში მოხდება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გადამზადებული კადრების ინტეგრაცია და დასაქმება ”სილქნეტში”.

როგორც „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის”რექტორმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა , „სილქნეტთან“ გაფორმებული კომუნიკე ბიზნესისა და განათლების სფეროებს შორის თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია.

მისივე თქმით, ამ ორი სფეროს ინტეგრაციით ქვეყანაში მოიმატებს კვალიფიციური კადრების რაოდენობა და გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები.

„დღევანდელი მემორანდუმი გვაჩვენებს, თუ რამდენად მჭიდროდ იქნებიან ჩვენი სტუდენტები ჩართულები პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში და რაც ყველაზე მთავარია, დასაქმებაში. მართლაც უპრეცედენტო პროექტია, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ სტუდენტების დასაქმებას, ასევე უნიკალური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებას, როგორიცაა კომუნიკაციის სფეროში კადრების მომზადება, რასაც საქართველოში პრეცედენტი არ გააჩნია", - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

თავის მხრივ, ”სილქნეტის” HR-ის უფროსმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული მემორანდუმი ხელს შეუწყობს სტუდენტების დაინტერესებას ტელეკომუნიკაციის სფეროთი.

”ეს მემორანდუმი ეხება აქამდე უპრეცედენტო საკითხს. ტელეკომუნიკაციების სფეროში პირველად ხდება პროფესიული განათლების კურსის ჩამოყალიბება, მოკლევადიანისაც და გრძელვადიანისაც. ეს კურსი პირველ რიგში ითვალისწინებს ჩვენი თანამშრომლების გადამზადებას ახალი ტექნოლოგიების მიხედვით, აგრეთვე სტუდენტების დაინტერესებას ტელეკომუნიკაციის სფეროთი. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ ის სტუდენტები, რომლებიც ტელეკომუნიკაციების ამ ვრცელ კურსს გაივლიან ჩვენთან, იქნებიან დასაქმებულები. ვფიქრობთ, რომ პირველ ეტაპზე 50-დან 100 ადამიანამდე დავასაქმებთ”, - განაცხადა ”სილქნეტის” HR-ის უფროსმა.

მისივე თქმით, „სილქნეტის“ აბონენტები მოახერხებენ, რომ ”სილიკონ ველი - თბილისის” პროგრამა BTU kids იხილონ ”სილქნეტის” TV აპლიკაციაში.

ბიზნესიისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას კომპანია ,,სილქნეტისგან’’ საჩუქრად გადაეცა ჟურნალ “National Geographic”-ის მთლიანი ქართული გამოცემა.

თანამშრომლობის პირველ ეტაპზე მოხდება „სილქნეტში’’ დასაქმებული კადრების გადამზადება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში და ასევე, უნივერსიტეტში გადამზადებული სხვა კადრების ინტეგრაცია „სილქნეტში’’.