ბიძინა ივანიშვილი სივრცითი მოწყობის პროექტზე - მეც მაქვს ეჭვები, ამხელა მასშტაბებს როგორ შევძლებთ

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სივრცითი მოწყობის პროექტის განხორციელებას სკეპტიკურად უყურებს , თუმცა აცხადებს, რომ გიორგი კვირიკაშვილი დათვლის გარეშე არაფერს აკეთებს და ეს აწყნარებს.

ივანიშვილს ქვემო ქართლში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე კითხვა დაუსვეს იმის შესახებ, გადაჭარბებული ხომ არ არის დაპირება სივრცითი მოწყობის მასშტაბური პროექტის განხორციელების შესახებ მაშინ, როდესაც რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი მხოლოდ 18 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია 3 წელია მიმდინარეობს.

„მეც კი მაქვს ეჭვები, ამხელა მასშტაბებს როგორ შევძლებთ. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ 9 წლის მმართველობის დროს აშენდა 68 კმ ავტობანი და ამ ოთი წლის განმავლობაშიც - დაახლოებით 80 კმ, ამ დროს შემდგომ 4 წელიწადში 600 კილომეტრზე იყოს საუბარი, ძალიან ბევრ კითხვებს იწვევს. თუ გინდა მოსამზადებელი პერიოდი, რომ გაამზადო, ვინც ამას უხელმძღვანელებს... ფულზე არა მაქვს საუბარი. ჯერ ფულის შოვნაა საჭირო. ძირითადად ასეთ პროექტებს მსოფლიო ბანკი, ევროპის ბანკი და დიდი ფინანსური ორგანიზაციები აფინანსებენ და ამ მხრივ, საჭიროა, ფინანსთა სამინისტრომ გააათმაგოს ძალისხმევა. მაგრამ კვირიკაშვილის პროფესიონალიზმი რომ ვიცი, ერთადერთია რაც მაწყნარებს - დათვლის გარეშე ის არ აკეთებს, როგორც წესი. კარგი ფინანსისტია. მეც კი არ მომითხოვია და არ მინახავს დათვლები ამაზე, ამიტომ ჩემი კითხვა შეიძლება თქვენსაც შეუერთდეს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.