ილია ჭავჭავაძის საფლავის აღდგენა-რესტავრაციის სამუშაოები იწყება

მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ილია ჭავჭავაძის საფლავის აღდგენა-რესტავრაციის სამუშაოები იწყება. ამის შესახებ  თბილისის მერიაში განაცხადეს. მთაწმინდის პანთეონში თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი და ადმინისტრაციის უფროსი ირაკლი ხუცურაული, ძეგლთა კვლევისა და კონსერვაციის ცენტრის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

„მნიშვნელოვანია ის, რომ ილიას საფლავი და მისი მიმდებარე ტერიტორია იყო დაზიანებული და ჩვენ, სწორედ, ამიტომ დავიწყეთ აღდგენითი სამუშაოები. აღდგენაზე მეცნიერებისა და პრაქტიკოსების ძალიან კვალიფიციური ჯგუფი იმუშავებს, რომლებიც სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ ააიპ-ში ერთიანდებიან. დაახლოებით ერთი თვეა ძირითადი სამუშაოების ვადა, ამინდების გაუარესებამდე უნდა დასრულდეს და აღდგეს. რესტავრაცია ჩატარდება ისე, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ძეგლი და გადავარჩინოთ ეს ყველაფერი განადგურებას,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, საფლავზე დეკორატიული კედელი და ბრინჯაოს ქანდაკება 1912 წელს მოეწყო და როგორც არქივიდან ამოღებული მასალებიდან ირკვევა, მისი დაზიანება აშენებიდან მალევე დაწყებულა. თბილისის მერიამ, თავდაპირველად, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში ილია ჭავჭავაძის საფლავის აღდგენა-რესტავრაციის სამუშაოებისათვის კვლევითი ლაბორატორიის მომსახურება, ტენდერის შედეგების შესაბამისად, შპს ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრს დაუკვეთა. კომპანიას ძეგლებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და კვალიფიციურმა სპეციალისტებმა ჩატარებული კვლევის შედეგად დაადგინეს, თუ რა სახის სამუშაოებს საჭიროებდა საფლავის დაზიანებული ნაწილი, ასევე, რა მასალებისგან უნდა აღდგენილიყო საფლავის კედელი და იქვე მდებარე ი. ნიკოლაძის სიმბოლურ-ალეგორიული ხასიათის მონუმენტური ნამუშევარი - „მწუხარე საქართველო“. კვლევის დასრულების შემდეგ, თბილისის მერიამ უშუალოდ სამუშაოების ჩატარება დაგეგმა და ტენდერის შესაბამისად, ილია ჭავჭავაძის საფლავზე აღდგენა-რესტავრაციის სამუშაოებს (ააიპ) ძეგლთა კვლევისა და კონსერვაციის ცენტრი განახორციელებს.