ქუთაისში სპორტული კომპლექსის მშენებლობა იწყება

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, სპორტსმენებს საფეხბურთო და რაგბის მოედნების მშენებლობის დაწყების შესახებ აცნობეს. მინისტრმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად სამი სტადიონის მშენებლობის დაწყების აღსანიშნავად შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაუშვა. სამი სტადიონი ორ ადგილზე, ნიკეას დასახლებაში და პარლამენტის ტერიტორიაზე აშენდება.

2016-2017 წლებში სულ დაგეგმილია 20 მოედნის მშენებლობა, აქედან 10 საფეხბურთო, 10 კი სარაგბო იქნება. მშენებლობის პროცესს სლოვაკური კომპანია ,,Autokomodex Trnava spol.sro“ გაუძღვება, რომელთანაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ხელშეკრულება 16 სექტემბერს გაფორმდა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 9. 410. 000 ევროა. სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ბოლოს დაიწყება და 2017 წლის მაისში დასრულდება. სპორტული კომპლექსები ქუთაისში, თბილისში და რუსთავში შენდება.