ჩალოკა ბეიანი - საქართველომ იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების კუთხით პროგრესს მიაღწია

დევნილთა საკითხებში გაერო-ს სპეციალური მომხსენებლის, ჩალოკა ბეიანის განცხადებით, საქართველომ იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების კუთხით პროგრესს მიაღწია.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სადაც დღეს მინისტრ მიხეილ ჯანელიძისა და ჩალოკა ბეიანის შეხვედრა გაიმართა.

უწყების განმარტებით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გაერო-ს სპეციალურ წარმომადგენელს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარების შესახებ. ხაზი გაესვა საერთაშორისო მონიტორინგის მნიშვნელობას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული ვითარების შესაფასებლად. გაერო-ს სპეციალური მომხსენებლის მხრიდან აღინიშნა ის პროგრესი, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ მიაღწია იძულებით გადაადგილებულ პირთათვის შესაბამისი პირობების შექმნის თვალსაზრისით.

„ბოლო ვიზიტის შემდეგ დღემდე პროგრესი მიღწეულია რამდენიმე საკითხში, როგორიც არის იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობები და იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული კანონმდებლობა, ასევე მოხერხდა ზოგიერთი მნიშვნელოვანი საკითხის გრძელვადიანი გადაწყვეტა“, - განაცხადა ჩალოკა ბეიანმა.

შეხვედრაზე მხარეებმა დააფიქსირეს საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის მნიშვნელობა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საერთაშორისოდ აღიარებული უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, რაც უპირველესად გულისხმობს საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში მათი უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისთვის სათანადო პირობების შექმნას და სამოქალაქო, ეკონომიკური თუ კულტურული უფლებების დაცვას.

როგორც გაერო-ს სპეციალურმა მომხსენებელმა განაცხადა, მან აღნიშნული ვიზიტის წინ მოითხოვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის უფლება, რაზეც უარი მიიღო.

ვიზიტის ფარგლებში გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი მოინახულებს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებს, ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას და გაესაუბრება ადგილობრივ მოსახლეობას. ჩალოკა ბეიანი ასევე ეწვევა ზუგდიდს, სადაც მოინახულებს იძულებით გადაადგილებულ პირთა ახალ დასახლებას.