განმუხურში ბოტანიკური ბაღი და 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება

განმუხურში ბოტანიკური ბაღი და 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება , - როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, უპრეცედენტო მასშტაბის პროექტების პრეზენტაცია დღეს განმუხურში გაიმართა.

სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა პროექტების მნიშვნელობა შეაფასა, რომლებიც ფონდ ”ქართუსა” და საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ურთიერთთანამშრომლობით ხორციელდება.

"ფონდი ”ქართუს“ დაფინანსებით აქ, 100 ჰექტრამდე ტერიტორიაზე გაშენდება ბოტანიკური ბაღი, რომლის ფარგლებში განხორციელდება 20 მლნ ამერიკული დოლარის ინვესტიცია. ეს არის საქველმოქმედო პროექტი, რომელიც ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს. ხოლო თანაინვესტირების ფონდი ააშენებს უმაღლესი დონის, 60 მილიონი დოლარის ღირებულების 5-ვარსკვლავიან სასტუმროს. აღსანიშნავია, რომ განმუხურის ბოტანიკური ბაღი არ იქნება მხოლოდ რეკრეაციული ზონა, მისი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია იქნება უნიკალური კოლხური ჯიშებისა და სახეობების გადარჩენა. დარწმუნებული ვარ, მსგავსი პროექტები ანაკლია-განმუხურის ტურისტულ ზონაში მიზიდულობის ახალ ცენტრს გააჩენს და დამატებით სტიმულს მისცემს პოტენციურ ინვესტორებს მეტი ინვესტიციის განსახორციელებლად”, - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ორივე პროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის ტურისტულ ნაკადს და მეტ შემოსავალს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას.

”ეს ორივე პროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის ტურისტულ ნაკადს, რაც მეტ შემოსავალს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას. რასაკვირველია, როგორც სასტუმროს, ისე ბოტანიკური ბაღის მშენებლობის პროცესში დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა. მხოლოდ სასტუმროს მშენებლობაზე დასაქმებულთა რიცხვი ჯამურად 2 წელიწადში გადააჭარბებს 2000 ადამიანს, ხოლო სასტუმროს ოპერირების დროს 350 ადამიანი პირდაპირ დასაქმდება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.