ყველაზე ძვირი ჩინურის სწავლაა, ყველაზე იაფი - თურქულის

აღმოსავლური ენების კურსები თანდათან პოპულარული ხდება. ამას ისიც მოწმობს, რომ ბოლო პერიოდში ინტენსიურად იხსნება თურქული, ჩინური და ინდური ენების შემსწავლელი კურსები. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ინტერესი მათ მიმართ უკანასკნელ წლებში გაჩნდა, რაც გარკვეულწილად, საქართველოში ჩინური და თურქული ბიზნესის გააქტიურებას უკავშირდება.

როგორც აღმოჩნდა, ყველაზე ძვირი ჩინური ენის სწავლაა. პედაგოგების ინფორმაციით, ენის შესწავლის საფასური, ინდივიდუალური მეცადინეობისას 250-300 ლარია, წყვილში - 220 ლარი, ხოლო ჯგუფში 80 ლარს შეადგენს. მაღალი საფასურის მიუხედავად, პედაგოგების თქმით, სულ მეტი და მეტი ადამიანი ცდილობს ჩინურის შესწავლას. 150-200 ლარი ჯდება ინდური ენის სწავლა, ხოლო ყველაზე იაფი თურქულია, რომლის საფასური 50 ლარიდან იწყება და 100 ლარს არ აჭარბებს.

სასწავლო ცენტრ "გლობალ ედუქეიშენჯორჯიაში" განმარტავენ, რომ მოთხოვნა აღმოსავლური ენების მიმართ მუდმივად მზარდია, განსაკუთრებით კი ჩინურის, რომლის შესწავლით, ძირითადად, ახალგაზრდები არიან დაინტერესებული.

"მსოფლიოში აღიარებულია, რომ ჩინეთი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი სახელმწიფოა. ქვეყნის სიძლიერის ზრდის კვალდაკვალ, ჩინური ენისა და კულტურის შესწავლა ბევრ ქვეყანაში საკმაოდ აქტუალური ხდება. საქართველო ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენს, ჩინური ენის შესწავლის მსურველთა რაოდენობა დღითი დღე მატულობს.

ჩვენთან ჩინური ენის შესწავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ყოველგვარი წინასწარი საბაზისო მომზადების გარეშე. ჩინური ენის ზოგადი კურსი გულისხმობს სალიტერატურო ენის (ე. წ. "ფუთუნხუა") სწავლებას, რომელიც ეფუძნება პეკინურ დიალექტს. გარდა სასაუბრო ჩინურისა, თქვენ აგრეთვე შეისწავლით იეროგლიფურ დამწერლობას. სწორედ იეროგლიფური დამწერლობა აერთიანებს ჩინეთში მცხოვრებ 56 სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს.

სწავლის პროცესში იეროგლიფების შესწავლა ერთ-ერთ ყველაზე დიდ სირთულეს წარმოადგენს უცხოელებისათვის, თუმცა დამწერლობის გარეშე ჩინური ენის ცოდნა შეუძლებელია. საწყის ეტაპზე მსურველები ისწავლიან მარტივ იეროგლიფებს, რათა მომავალში გაუადვილდეთ რთული იეროგლიფების ჩაწერა", - აცხადებს ცენტრის პედაგოგი. 

უცხო ენების შემსწავლელ ერთ-ერთ კომპანიაში ამბობენ, რომ დიდია ინტერესი ასევე თურქული ენის მიმართაც, რაც საქართველოში მეზობელი ქვეყნის კომპანიების რაოდენობის ზრდას უკავშირდება. ამასთან, როგორც ცენტრის პედაგოგი ლალი ბერიკაშვილი გარმარტავს, თურქულს სწავლობენ თურქეთში წასვლის მსურველებიც, რომელთაც ენის ცოდნა დასაქმების მიზნით სჭირდებათ.

"უცხო ენებიდან ინგლისურის შემდეგ, ყველაზე მეტი მსურველი რუსულ და თურქულ ენებზეა. ჩინური და ინდურის მიმართაც არის მოთხოვნა, მაგრამ სიძვირის გამო მათი დაუფლება ძვირადღირებული სიამოვნებაა, რის შესაძლებლობაც ბევრს არა აქვს. ამასთან, სპეციალისტების სიმცირეცაა, რაც ფასზე საგრძნობლად აისახება, ამიტომ ჯდება ჩინურის სწავლა ძვირი, გარდა იმისა, რომ რთული ენაა და მისი დაუფლება დიდ შრომას მოითხოვს, ჩინურ და ინდურ ენებს სწავლობენ ძირითადად ისინი, რომლებსაც დასაქმების გარანტია აქვთ", - აღნიშნავს ლალი ბერიკაშვილი.

დიდუბეში მდებარე უცხო ენის შემსწავლელი კურსების ადმინისტრატორი მზია შაქარაშვილი ამბობს, რომ ჩინური ენის შემსწავლელი კურსი ჯერ არ აქვთ, თუმცა მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ მომხმარებელს რამდენიმე თვეში ამ სერვისსაც შესთავაზებენ.

"ბევრი ადამიანი მოგვმართავს კითხვით, ვასწავლით თუ არა აღმოსავლურ ენებს, რატომღაც ყველაზე მეტად ჩინური იზიდავთ, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს. ჯერჯერობით სწავლების ასეთი სერვისი არ გვაქვს, მაგრამ მოთხოვნა დიდია. შევეცდებით, ჩვენს მომხმარებელს ჩინური ენის სწავლების შესაძლებლობა მივცეთ. ასეთი მიმართულება სერვისს ნახევარ წელიწადში დაემატება და ბევრი დაინტერესდება", - ამბობს შაქარაშვილი.

განათლების ექსპერტ ზურაბ ვახანიას შეფასებით, აღმოსავლური ენების მიმართ მოხთოვნის ზრდა ამ ქვეყნების ეკონომიკის წინსვლას, მათი კულტურით დაინტერესებას და დასაქმების პერსპექტივას უკავშირდება.

"საქართველოში თურქული ენის ბევრი სპეციალისტია და არ მიკვირს, რომ ამ ენის მიმართ დაინტერესება არსებობს. ბევრი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს თურქეთში, ზოგი მომავალში აპირებს იქ დასაქმების მიზნით გამგზავრებას და ენის გარეშე რეალურად ვერაფერს მიაღწევენ. ამ კატეგორიის ადამიანებისთვის თურქულის ცოდნა სავალდებულოც უნდა იყოს. რაც შეეხება ჩინურს, ჩემი აზრით, მოთხოვნის ზრდა დიდად განაპირობა ჩინეთის ეკონომიკის წინსვლამ და ქვეყნის კულტურით დაინტერესებამ, რასაც დაემატა დასაქმების პერსპექტივაც", - აცხადებს ვახანია.

სალომე შველიძე თბილისის 115-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა. ამ სკოლაში ჩინური არ ისწავლება, თუმცა სალომეს ეს ხელს არ უშლის, ისწავლოს მისთვის საინტერესო უცხო ენა.

"ყოველთვის მაინტერესებდა ჩინეთი, მისი საოცარი დამწერლობა. ადრე შეუძლებლად მიმაჩნდა მისი შესწავლა, მაგრამ ახლა მეტი შესაძლებლობაა, რომ ჩინურ ენას დავეუფლო. არ ვიცი, რამდენად გამომივა, ძალიან მინდა, ამ ენის შესწავლით უფრო საფუძვლიანად გავიცნო ჩინური კულტურა და მომავალში დასაქმების მეტი პერსპექტივა მქონდეს", - ამბობს თბილისელი მოსწავლე.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"