ნავთობის ფასი ბოლო 7 თვის განმავლობაში 40-50 დოლარის ფარგლებში მერყეობს

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, ნავთობის ფასი ბოლო 7 თვის განმავლობაში 40-50 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში ამბობენ, რომ ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული 26-28 სექტემბერს ალჟირში დაგეგმილ ენერგეტიკულ ფორუმზე, სადაც ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის (ოპეკ) წევრი ქვეყნები არაფორმალურ გარემოში - ნავთობის მიმდინარე მოპოვების „გაყინვის“ საკითხს განიხილავენ.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციაში ამასთან დაკავშირებით, არაერთგვაროვანი შეხედულებებია. კერძოდ, ამის წინააღმდეგია ირანი, რომელიც ნავთობის მოპოვების ზრდას იქამდე გააგრძელებს, სანამ სანქციებამდე არსებულ მოპოვებას - დღე-ღამეში 4 მილიონ ბარელს არ დაუბრუნდება. დღეისთვის ირანი დღე-ღამეში 3,6 მილიონ ბარელს მოიპოვებს.

საუდის არაბეთმა კი განაცხადა, რომ მზად არის არა მარტო „გაყინოს“, არამედ ნავთობის მოპოვება დღე-ღამეში 500 ათასი ბარელითაც შეამციროს (დღეისთვის საუდის არაბეთი რეკორდულად მაღალი ოდენობის რაოდენობას - დღე-ღამეში 10 მილიონ ბარელს მოიპოვებს) მხოლოდ იმ პირობით, თუ ოპეკ-ის სხვა წევრებიც ანალოგიურად მოიქცევიან.

ნავთობის მოპოვების „გაყინვის“ წინააღმდეგი არ არის სანავთობო ბაზრის ერთ-ერთი დიდი მოთამაშე და ოპეკ-ის არაწევრი ქვეყანა რუსეთიც, რომელიც დღეისათვის მისთვის ნავთობის რეკორდულად მაღალ ოდენობას მოიპოვებს. თუმცა, რუსეთი არ ემხრობა მოპოვების შემცირებას.

ყოველივე აქედან გამომდინარე, ექსპერტები არ ელოდებიან, რომ შეხვედრაზე რაიმე კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელზეც ნავთობის უახლოესი თვეების ფასები პირდაპირ იქნება დამოკიდებული.