„ნაცმოძრაობა“და „რესპუბლიკელები“ ბათუმის ბიუჯეტის 2 225 000 ლარით გაზრდას ამომრჩევლის მოსყიდვად აფასებენ

ბათუმის ბიუჯეტის დღევანდელ ცვლილებას „რესპუბლიკური პარტიისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აპროტესტებენ. საუბარია 2 225 000 ლარის ბათუმის ბიუჯეტისთვის დამატებაზე, რის თაობაზეც ცვლილება დღეს დამტკიცდა.

როგორც“ რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა ირაკლი ჩავლეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, წინა მთავრობა ამომრჩევლის მოსყიდვას „გონივრულად“ ახერხებდა, ბათუმის მერიის დღევანდელი დადგენილება კი ვერავითარ ლოგიკაში ვერ ჯდება.

„სამწუხარო ფაქტი მოხდა, სამი მოწვევის დეპუტატი ვარ და მსგავსი რამ არ მახსენდება. თუ ხდებოდა ამომრჩევლის მოსყიდვა, „ნაციონალური მოძრაობა“ ამას „გონივრულად“ ახერხებდა. „ქართული ოცნების“ და ბათუმის მერიის ეს დადგენილება ვერავითარ ლოგიკაში ვერ ჯდება. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ბიუჯეტში ცვლილება კანონის აშკარა დარღვევაა. „რესპუბლიკელებმა“ ამის წინააღმდეგ გამოვთქვით მოსაზრებები, მაგრამ სამწუხაროდ, ხელების გადაგრეხვით მაინც გავიდა ეს საკითხი. სამწუხაროდ, დაირღვა კანონი“, - აღნიშნა ირაკლი ჩავლეიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი კირთაძის განმარტებით კი, ფორსმაჟორული სიტუაცია არ შექმნილა და ბიუჯეტში ცვლილება ამომრჩევლის აშკარა მოსყიდვაა.

„2015 წელს ბათუმის ბიუჯეტიდან 3 მილიონი „ჰით ბათუმის“ ჩასატარებლად გამოიყო, რომელსაც არანაირი ეფექტი არ მოყოლია და ყველანი შევთანხმდით, რომ წყალში გადაყრილი ფული იყო. უფრო მეტიც, 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას სად იყო მერია და რატომ არ შემოიტანა სამშენებლო სამუშაოებისათვის საჭირო თანხები ბიუჯეტში, თუ ასეთი გადაუდებელი და ფორსმაჟორული სიტუაცია იყო. ცალსახად, მოსყიდვაა და აუცილებლად გავასაჩივრებთ. გიორგი ერმაკოვი არის მატყუარა და ცდილობს მოისყიდოს ამომრჩეველი, გაიხანგრძლივოს მერის პოსტზე მუშაობა იმისთვის, რომ გააკეთოს ბევრი ფული“, - აღნიშნა გიორგი კირთაძემ.

ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა საათნახევრის განმავლობაში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. საბოლოოდ, საბიუჯეტო ცვლილება დამტკიცდა და ბათუმის ბიუჯეტს 2 225 000 ლარი დაემატა.