"რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის DCFTA-ის შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობები განვიხილეთ"

ბიზნესასოციაციებთან ერთად განვიხილეთ რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის DCFTA-ის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობები , - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, სადაც DCFTA-ს თემაზე მრგვალი მაგიდის ფორმატში საჯარო დიალოგი გაიმართა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დღევანდელ შეხვედრზე ორი ასპექტი გამოყო. მისი თქმით, პირველ რიგში ეს არის ჩართულობა და მიდგომა მთავრობის, პრემიერ-მინისტრის, რომ სწორედ მათ დონეზე იყოს ჩართულობა ყველა გადაწყვეტილების მიღების პროცესსა და იმ ნაბიჯებში, რომელსაც მთავრობა ეკონომიკური რეფორმების კუთხით, თუ ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილების კუთხით გადადგამს.

“ამ ჩართულობის მნიშვნელობა დღეს ხაზგასმული იქნა ბიზნესის მხრიდან და ისინი მიესალმნენ კიდევ ერთი ფორმატის და დისკუსიის არსებობას. შექმნილი არის ინვესტორთა საბჭო, ასევე DCFTA-ის, ანუ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკონსულტაციო საბჭო და ამ მიმართულებით მიმდინარეობს ურთიერთგაცვლა იმ ინფორმაციის, თუ რა საჭიროებები აქვს ბიზნესს და რა ნაბიჯებს გადადგამს მთავრობა, რომ მოხდეს კიდევ უფრო მეტი ინტეგრაცია ევროკავშირის ბაზართან”, - განაცხადა ჯენლიძემ.

მისივე თქმით, DCFTA-ის იმპლემენტაციის შემდეგ ორი წლის განმავლობაში ევროკავშირი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებში გადავიდა პირველ ადგილზე და იგი უკვე ერთ-მესამედს იკავებს ჩვენ ვაჭრობაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილებაა.

„მეორე მნიშვნელოვანი ასპექტია ის, რომ დღეს წარმოდგენილი იყო ყველა ბიზნესასოციაცია, სავაჭრო პალატა, ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესაბჭო და სხვები - თითქმის ყველა ორგანიზაცია, რომელიც დაკავებულია ევროკავშირთან DCFTA-ის იმპლემენტაციის პროცესში და ჩვენ მათთან ერთად განვიხილეთ რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობები. ჩვენ დღეს ვახორციელებთ სპეციალური კომუნიკაციის პროგრამას, რეგიონებში ხდება ვიზიტები როგორც ეკონომიკის სამინისტროს, ისე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლების და ასევე არის ექსტენციის ცენტრები, რომლის მეშვეობით მიეწოდება ინფორმაცია რეგიონებში. მაგრამ დღეს ჩვენ ვისაუბრეთ, რომ კერძო სექტორმა, ასოციაციებმა, კერძოდ, სავაჭრო-სამრეწველო პალატამ და ასევე სხვა ბიზნესასოციაციებმა, როგორ უნდა მიიტანოს მეტად ინფორმაცია და რა როლი აქვს ამაში ევროკავშირს. ისინი აფინანსებენ სპეციალური პროგრამით და კიდევ მზად არიან გააგრძელონ ეს დახმარება იმისთვის, რომ თითოეულ ბიზნესთან, თითოეულ მეწარმესთან რეგიონში მივიდეს სრულყოფილი ინფორმაცია, თუ რა უნდა გააკეთონ მათ იმისათვის, რომ ისარგებლონ ევროკავშირთან გახსნილი თავისუფალი ვაჭრობით”, - განაცხადა ჯანელიძემ.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე იმსჯელეს იმ პროგრამებზე, რომელიც ეხმარება ბიზნესს ევროპული სტანდარტების დანერგვაში და ამ მიმართულებით არსებობს როგორც სახელმწიფოს პროგრამები, ასევე ევროკავშირის მხრიდან დაფინანსებული პროგრამები.

ამ კონტექსტში მინისტრმა ევროპის საინვესტიციო ბანკის, სხვა დონორების და ევროკავშირის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი დაასახელა, რომელიც ახალი ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით ლარში სესხების გაცემას გულისხმობს.

მრგვალი მაგიდა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა. მას მინისტრთა კაბინეტისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.