ლონდონი მსოფლიოს ფინანსურ ცენტრად დასახელდა

ლონდონმა მსოფლიო ფინანსური ცენტრების ინდექსში პირველობა შეინარჩუნა.

კონსალტინგური კომპანია Z/Yen-ის ანგარიშის თანახმად, რეიტინგში ლონდონის პოზიცია 795 პუნქტით განისაზღვრა.

ინდექსში მეორე ადგილი ნიუ იორკს ერგო, მესამე კი ჰონგ კონგია. პირველ ხუთეულში ასევე მოხვდნენ სინგაპური და ტოკიო, ათეულში კი სან-ფრანცისკო, ბოსტონი, ჩიკაგო, ციურიხი და ვაშინგტონი.

მსოფლიოს ფინანსური ცენტრების ინდექსის თანახმად, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რიგმა ქალაქმა კარგი შედეგი აჩვენა. კერძოდ, ესენია ვარშავა, ტალინი და რიგა. ამასთანავე, პოზიციებს კვლავ კარგავენ მოსკოვი, სტამბოლი და ათენი. Z/Yen-ში აცხადებენ, რომ ამის მიზეზი შეიარაღებული კონფლიქტებია, რომელშიც თურქეთი და რუსეთია ჩართული.

კონსალტინგური კომპანია Z/Yen Group-მა ფინანსური ცენტრების გლობალური ინდექსი პირველად 2005 წელს გამოაქვეყნა. მისი მიზანი გლობალური ფინანსური ცენტრების კონკურენტუნარიანობის შესწავლაა. რეიტინგის შედგენისას კომპანიის ექსპერტები ითვალისწინებენ ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ბიზნესგარემო, ფინანსური სექტორის მდგომარეობა, ინფრასტრუქტურა, ადამიანური კაპიტალი და ქალაქის იმიჯი.