თურქეთის ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციიდან 87 თანამშრომელი დაითხოვეს

თურქეთის ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციიდან (MIT) 87 თანამშრომელი დაითხოვეს, 52-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

როგორც „ბიბისი“ წერს, ყველა მათგანი აშშ-ში მცხოვრებ მქადაგებელთან, ფეთჰულა გიულენთან კავშირში არის ეჭვმიტანილი.

ადგილობრივი სააგენტო „ანადოლუ“ წერს, რომ სადაზვერვო სამსახურში შემოწმება კვლავ გრძელდება.

ივლისში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სამსახური დატოვა ათასობით მოსამართლემ, პოლიციელმა, სამხედრომ, მასწავლებელმა და სახელმწიფო უწყებების სხვა თანამშრომლებმა. ე.წ. წმენდა შეეხო მედიასაშუალებებსაც.

ანკარაში მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა სწორედ გიულენის მიერ იყო ორგანიზებული, რასაც თავად მქადაგებელი კატეგორიულად უარყოფს.