ტექნოპარკში დღეს მეწარმეობისა და ინოვაციების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფი პირველ შეხვედრას გამართავს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინიცირებით, დღეს ტექნოპარკში მეწარმეობისა და ინოვაციების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება და პირველ არაფორმალურ შეხვედრას გამართავს.

როგორც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში განაცხადეს, სამუშაო ჯგუფი აერთიანებს იმ საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი საქართველოში სამეწარმეო და ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირებაში, კერძოდ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, მეწარმეობის განვითარების სააგენტო, საქპატენტი, ახალგაზრდა მეწარმეთა ასოციაცია, კომპანია ლივინგსტონი, ”თიბისი ბანკი”, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ასევე სხვადასხვა ორგანიზაცია-ასოციაციები და ქართული სტარტაპები.

შეხვედრის თანათავმჯდომარე იქნება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი.

”სამუშაო ჯგუფი დღეს ტექნოპარკში საქართველოს მეწარმეობისა და ინოვაციების სფეროს ძირითად გამოწვევებზე იმსჯელებს, გამოავლენს თუ რა მხარდაჭერა და ხელშეწყობა ესაჭიროება აღნიშნულ სფეროს განვითარებისათვის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხრიდან მოხდება საჭიროებების სწორი ფორმულირება და სამოქმედო გეგმის დასახვა მომავალი მხარდაჭერის ფარგლებში. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს მომავალში სისტემატიური ხასიათი მიეცემა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.