”ცენტრ-პოინტის” მიერ დაზარალებულებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან შიმშილობა დაიწყეს

”ცენტრ-პოინტის” მიერ დაზარალებულებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან შიმშილობის აქცია დაიწყეს.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ეკატერინე შაფათავამ განაცხადა, ”ცენტრ-პოინტის” დაზარალებულებმა მთელი ღამე მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გაატარეს. მისივე ინფორმაციით, შიმშილობა შვიდმა დაზარალებულმა დაიწყო, თუმცა ღამით შეუძლოდ გახდნენ და შიმშილობის შეწყვეტა მოუხდათ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დაშლას არ აპირებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული, კერძოდ არ დაუბრუნდებათ კუთვნილი ქონება და არ დაისჯებიან დამნაშავეები.

”მთელი ღამის განმავლობაში მთავრობის ადმინისტრაციასთან გავათენეთ. შიმშილობა შვიდმა აქციის მონაწილემ დაიწყო, თუმცა ამჟამად ხუთი პირი შიმშილობს. იქიდან გამომდინარე, რომ ღამის განმავლობაში სიცივე იყო, ჩვენ გვინდოდა კარვების გაშლა, პოლიციამ ამის საშუალება არ მოგვცა და აქციის მონაწილეებს ქუჩაში მოუწიათ ღამის გათენება”, - განაცხადა ეკატერინე შაფათავამ.

მისივე თქმით, ”ცენტრ-პოინტის” დაზარალებულები საპროტესტო აქციის გაგრძელებას დღესაც აპირებენ და 11:00 საათისთვის მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან სხვა დაზარალებულებიც აპირებენ მისვლას.