„გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში“ საქართველოს პოზიცია 7 საფეხურით გაუმჯობესდა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2016-2017 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველომ 4,32 ქულით 59-ე ადგილი დაიკავა მსოფლიოს 138 ქვეყანას შორის.

2015-2016 წლების ანგარიშთან შედარებით, საქართველომ პოზიციები 7 საფეხურით გაიუმჯობესა. „ევრაზიის რეგიონის კონკურენტუნარიანობის მაჩვენებლები ზოგადად, სტაბილურია, თუმცა, რეგიონის ქვეყნების უმრავლესობას საქმე აქვს სირთულეებთან, რომელიც საქონელზე ფასების ვარდნას, ვალუტის მერყევ კურსს, რუსეთსა და უკრაინაში რეცესიას, ასევე ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელებას უკავშირდება. ამ შოკებმა გავლენა მოახდინა კონკურენტუნარიანობაზე ორი ძირითადი მიმართულებით: ევრაზიის რეგიონის ყველა ქვეყნების ეკონომიკამ, საქართველოს გარდა, ექსპორტის მოცულობის ვარდნა დააფიქსირა, რამაც მათი ბაზრის საერთო მოცულობა შეამცირა“, - ნათქვამია ანგარიშში.

გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგის თანახმად, ევრაზიის რეგიონში ყველაზე მეტად პოზიციები საქართველომ და ტაჯიკეთმა გაიუმჯობესეს. „როგორც მოსალოდნელია, მიმდინარე წელს ორივე ქვეყანის მშპ 2,5%-ზე მეტი გაზრდება. ეს არის ბოლო ათი წლის განმავლობაში საშუალოზე უფრო დაბალი მაჩვენებელი, მაგრამ უფრო მაღალია ევრაზიის სხვა ქვეყნებთან შედარებით“, - აღნიშნულია ანგარიშში.

გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგის თანახმად, საქართველოში ბიზნესის კეთებისთვის ყველაზე პრობლემატურ ფაქტორებს შორის პირველი ადგილი უკავია არაკვალიფიციურ მუშახელს, მეორე - წვდომას ფინანსებთან, მესამე ინფლაციას, მეოთხე არაეფექტურ სახელმწიფო ბიუროკრატიას, მეხუთე კი ინფრასტრუქტურის არასაკმარის მიწოდებას. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, სომხეთმა გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში 79-ე, აზერბაიჯანმა 37-ე, თურქეთმა 55-ე, რუსეთმა 43-ე, უკრაინამ 85-ე, მოლდოვამ 100-ე ადგილი დაიკავეს. რეიტინგში პირველ ადგილზე მოხვდა შვეიცარია, მეორეზე სინგაპური, მესამეზე კი აშშ. პირველ ხუთეულში ასევე მოხვდნენ ნიდერლანდები და გერმანია.