"სატრანსპორტო სფეროში ორი მთავარი გამოწვევა გვაქვს - საცობების მოწესრიგება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება"

სატრანსპორტო სფეროში ორი მთავარი გამოწვევა გვაქვს - საცობების მოწესრიგება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება , - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

როგორც მერიაში განაცხადეს, დავით ნარმანია პირველ საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმს დაესწრო.

ფორუმზე, რომელიც „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ორგანიზებით გაიმართა, განიხილეს საქალაქო სატრანსპორტო მოდელების შემუშავება და განვითარება, ასევე ურბანული ტრანსპორტის განვითარების და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხები.

”თბილისის მერიას სატრანსპორტო სფეროში ორი მთავარი და ძირითადი გამოწვევა აქვს: საცობების მოწესრიგება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება. ამისთვის, ჩვენ შევიმუშავეთ 5 პუნქტიანი სამოქმედო გეგმა საცობების განმუხტვისა და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ, რომელიც ამავდროულად საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებასაც გულისხმობს. ყოველდღიურად დედაქალაქში 512 ავტობუსი და 1800 მიკროავტობუსი მოძრაობს. ჩვენ გვაქვს მეტროს განვითარებული ქსელი. თუმცა, აღნიშნული მიმართულებით წინ კიდევ ბევრი სამუშაოა. დედაქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი დღის განმავლობაში გადაადგილებისას უპირატესობას, მაინც ავტომობილს ანიჭებს. იმისათვის, რომ ნელ-ნელა საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს უფრო მეტად კომფორტული, ჩვენ დედაქალაქის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დავიწყეთ ზრუნვა ავტოპარკის განახლებაზე. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და სხვა დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით, სულ რამდენიმე დღეში თბილისს 10 ახალი, ევროპული და სრულად ადაპტირებული Man-ის ავტობუსი შეემატება. სულ რამდენიმე დღეში ახალ ავტობუსებს თბილისის ქუჩებში ვიხილავთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც ფორუმის ორგანიზატორმა, „სითი ინსტიტუტი საქართველო“ დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ განაცხადა, ფორუმი ყოველწლიურად ჩატარდება და მასში მონაწილეობისთვის ტრანსპორტის დარგის ექსპერტებსა და სპეციალისტებს მთელი მსოფლიოდან მოიწვევენ.

თბილისის ფორუმზე მომხსენებლებს შორის იყვნენ ტრანსპორტის დარგის ევროპული კომპანიების სპეციალისტები.