„რთველი 2016“-ის ფარგლებში, 89 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული

”რთველი 2016”-ის ფარგლებში, ღვინის კომპანიებს ყურძენი 15 ათასამდე მევენახემ ჩააბარა, რომელთაც შემოსავლების სახით 77,6 მლნ ლარი მიიღეს.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში განაცხადეს, რთველის პროცესი კახეთის რეგიონში აქტიურად და ორგანიზებულად გრძელდება.

მათივე ინფორმაციით, 28 სექტემბრის 12:00 საათის მონაცემებით, გადამუშავებულია 89 ათასი ტონა ყურძენი. აქედან 50,6 ათასი ტონა რქაწითელი, 33,6 ათასი ტონა საფერავი, 2,5 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

უწყების ცნობით, გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: გურჯაანი - 30 ათასი ტონა, თელავი - 22,5 ათასი ტონა, ყვარელი - 20,5 ათასი ტონა, სიღნაღი - 6,8 ათასი ტონა, ლაგოდეხი - 2,7 ათასი ტონა, ახმეტა - 2,5 ათასი ტონა, საგარეჯო - 2,4 ათასი ტონა და დედოფლისწყარო - 1,8 ათასი ტონა.

კვლავ სრული დატვირთვით მუშაობენ ღვინის საწარმოები - 27 სექტემბერს ყურძნის გადამუშავების დღეღამურმა მაჩვენებელმა 5 425 ტონა შეადგინა.

სამინისტროს ინფორმაციით, 28 სექტემბერს ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 54 ღვინის კომპანია, მათ შორის, 9 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული საწარმო, დანარჩენი კერძო ღვინის კომპანიაა. ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებში ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე სუბსიდია გაიცემა: კახეთის რეგიონში რქაწითელზე და კახურ მწვანეზე - 1 კგ-ზე - 0,45 ლარი; საფერავზე - 1 კგ-ზე - 0,20 ლარი; რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში მუჯურეთული/ალექსანდროულზე - 1 კგ-ზე - 2 ლარი.