სოფელ ზვარში გაფიცული მშენებლები  ჩინურ კომპანიას სამუშაოების გაგრძელების საშუალებას არ აძლევენ

ხარაგაულის მუნიციპალიტეტ სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგისა და გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული 80-მდე ადამიანი მეათე დღეა გაფიცვას აგრძელებს.

დღეს მათ საწარმოს შესასვლელი გადაკეტეს და ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებიც ადგილზე სამუშაოებს აწარმოებენ, საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა არ მისცეს.

როგორც რკინიგზის ახალი პროფკავშირების წარმომადგენელი ილია ლეჟავა ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, ერთი თვის განმავლობაში ჩინურ კომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა უშედეგოდ დასრულდა.

ლეჟავას თქმით, კომპანიაში დასაქმებულმა ქართველებმა რადიკალური ზომები მიიღეს და საწარმოს შესასვლელის პიკეტირება მოახდინეს.

„კოლექტიური შრომითი დავა რკინიგზელთა ახალ პროფკავშირსა და ჩინურ კომპანიას შორის ერთი თვეა დაწყებულია. ამ მოლაპარაკებაში ჩართულია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, თუმცა ყველა შეხვედრა ჩინურ კომპანიასთან უშედეგოდ დასრულდა. ზვარეს მონაკვეთზე 80-მდე ქართველია დასაქმებული და ყველა მათგანი გაფიცულია. 9 დღის განმავლობაში ჩინური კომპანია წელავდა მოლაპარაკების დროს. ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ გაფიცული ქართველები ჩაანაცვლეს ჩინელებით და კომპანიამ შესაბამისად გააგრძელა მუშაობა. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება და პიკეტირება გავაკეთეთ ტერიტორიაზე შესასვლელის. ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია და ისინი ახლა ჩინელებთან აწარმოებენ მოლაპარაკებას,“ - განაცხადა ილია ლეჟავამ.

ხარაგულის მუნიცილიტეტის სოფელ ზვარეში საქართველოს რკინიგზის დაკვეთით ჩინური კომპანია „ჩინური რკინიგზის 23 ბიურო“ წყვილლიანდაგიანი სარკინიგზო ლიანდაგისა და გვირაბის მშენებლობას აწარმოებს. აღნიშნულ მონაკვეთზე დასაქმებული ქართველები უკვე მეათე დღეა გაფიცულები არიან. ისინი შრომითი პირობების გაუმჯობესებასა და უსაფრთხოების წესების დაცვას ითხოვენ.